მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Nino Chkheidze N°1 - რა ეღირება და სად ჩამოასხამენ სუნამოს, რომლის გაყიდვაც მომღერალი ისრაელშიც გეგმავს

ნინო ჩხეიძე

ქართველი მომღერალი, ნინო ჩხეიძე, ახალ ბიზნესს იწყებს. მან სუნამოების საკუთარი ხაზი, Nino Chkheidze N°1, გამოუშვა. სუნამო საფრანგეთში, კომპანია „ფანუჟი“ დამზადდება და 100 მილიგრამის ფასი 500 ლარი იქნება.

როგორც BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, პროექტზე აქტიური მუშაობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და ამ ეტაპზე საქმეში მხოლოდ თავად და მისი მეუღლე არიან ჩართული.

მისი თქმით, იდეა რომ სილამაზის სფეროში საკუთარი თავი და შესაძლებლობები გამოეცადა, დიდი ხანია აქვს.

„ბევრი მეუბნება, რომ შოუბიზნესში მარკეტინგი კარგად გამომდის, ამიტომ გადავწყვიტე ახალი ეტაპი დამეწყო და ამ სფეროშიც თავი მომესინჯა. მინდოდა, ხარისხიანი, პრემიუმ კლასის სუნამო შემექმნა, რომელიც აუცილებლად საფრანგეთში ჩამოისხმებოდა. ვინაიდან, საფრანგეთი და სუნამო ხარისხთან ასოცირდება“, - ამბობს ჩხეიძე.

პირველი სუნამო სწორედ საფრანგეთში, პრემიუმ ხარისხის სუნამოების მწარმოებელ ქარხანაში „ფანუჟში“ იწარმოება - კომპანიაში, რომელსაც პრემიუმ ბრენდებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა აქვს და ევროპული ხარისხის სტანდარტებს იცავს. როგორც ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, არჩევანი სწორედ ამიტომ შეჩერდა ფრანგულ პარტნიორზე.

მისი ინფორმაციით, ახალ ხაზს საერთაშორისო ხარისხის კონტროლი - SGA სერტიფიკატი აქვს, რაც პროდუქციის რეალიზაციას როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და ისრაელში ხდის შესაძლებელს.

“ჩემი პროდუქცია იწარმოება ფრანგულ კომპანიაში, „ფანუჟი“, რომელიც მრავალი წელია ბაზარზე ოპერირებს და წარმოადგენს ერთ-ერთ ცნობილ ტრადიციული სუნამოების მწარმოებელ ქარხანას, საფრანგეთში. კომპანია თანამშრომლობს პრემიუმ კლასის ბრენდებთან და იცავს ევროპის უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ კომპანიასთან თანამშრომლობა.

გვაქვს საერთაშორისო ხარისხის კონტროლი - SGA სერტიფიკატი, რომელიც როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზარზე - ევროპასა და ისრაელშიც რეალიზაციას ნებადართულს ხდის”, - თქვა მან.

Nino Chkheidze N°1 გაყიდვაში 20 დეკემბრიდან ჩაეშვება. საწყის ეტაპზე, სუნამო მხოლოდ ონლაინ გაიყიდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბრენდი პრემიუმ ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, რაც ფასზეც აისახება, ონლაინ გაყიდვების გააქტიურების შემდეგ, Nino Chkheidze N°1 მაღაზიებში შესვლასაც გეგმავს.

"პროდუქცია 100 მილიგრამიანია და მისი ღირებულება 500 ლარი იქნება, თუმცა პერიოდულად გვექნება სხვადასხვა ფასდაკლებები და შეთავაზებები. გავყიდით როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე გვაქვს ჩვენი საიტიც. ჩვენ პროდუქციას საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას მივაწვდით”, - აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ნინო ჩხეიძის თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელის ბაზართან, სადაც ბრენდი პირველი საერთაშორისო დისტრიბუციით შესვლას გეგმავს.

შემდეგი ნაბიჯი კი, მამაკაცის ხაზია. ჩხეიძის თქმით, შესაბამისი პროდუქტის განვითარება უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ, მის ბრენდს მამაკაცებისთვის განკუთვნილი სურნელების სერიაც დაემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები