მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნინო წილოსანი ემხრობა იმ სამინისტროების გაყოფას დამოუკიდებელ უწყებებად, რომლებიც ორ მიმართულებას აერთიანებენ

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი იმ სამინისტროების გაყოფას ემხრობა, რომელიც სხვადასხვა საკითხებს აერთიანებს. ამის შესახებ მან რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზება და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი სამინისტროს - რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების სამთავრობო ინიციატივის განხილვისას განაცხადა.

„სრულად მხარს ვუჭერთ პრემიერის ინიციატივას და საჭიროებას ვხედავთ ამის. ჩემი მხრიდან მუდმივად მაქვს განცდა, რომ სამინისტროები, სადაც რამდენიმე თემა ერთადაა გაერთიანებული, ვემხრობი, რომ ეს მიმართულებები გაყოფილი იყოს. სამინისტროების შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა ერთიანდებოდა, საკმაოდ წინააღმდეგობრივი პოზიცია გვქონდა.

ამიტომ ამ შემთხვევაშიც ვიაზრებ და ვითვალისწინებ იმის აუცილებლობას, რომ ცალკე იყოს, მით უმეტეს, რომ თავად დაასაბუთეთ ის მასშტაბური ფინანსური პროექტები, რომლებიც რეგიონებში ტარდება, მათ შორის თვითმმართველობებთან დაკავშირებული საკითხები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიმდინარე წლიდან კულტურისა და სპორტის სამინისტროები ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა, მთავრობის ინიციატივით ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებებად ჩამოყალიბებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები