პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსიაში დონორების ჩართვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ის ინტერესდება იმით, თუ რას ფიქრობენ დონორები გამჭვირვალობაზე და ზოგადად, როგორ მუშაობენ იქ, სადაც მათი დაფინანსების მიმღებთა რეგისტრაციის მოთხოვნა უკვე მოქმედებს.
„გთავაზობთ, კანონის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში შემოვიყვანოთ მესამე მონაწილე, რომელზეც ყველა სხვა დანარჩენი ვაპელირებთ ჩვენ - ინიციატორები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. ვკითხოთ დონორებს, როგორ მუშაობენ იმ ქვეყნებში, სადაც იდენტური კანონმდებლობები არსებობს, მაგალითად აგენტების შესახებ იქნება თუ უცხოური გამჭვირვალობის კანონები. საინტერესოა, მათი გამოცდილების გაზიარება და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ამ პროცესს ძალიან წაადგებოდა.
მეორე საინტერესო ფაქტორია დონორებთან დაკავშირებით - მათვე მოგვაწოდონ ინფორმაცია აქვთ თუ არა ერთიანად თავმოყრილი ბაზა, ყველა იმ პროექტების შესახებ, რომელსაც საქართველოში ახორციელებენ - რა თანხები, რა მიზნობრიობით და რომელ ორგანიზაციებზე აქვთ გაცემული ასეთი პროგრამები.
მესამე - თავად დონორების ინტერესში უნდა იყოს გამჭვირვალობა, რადგან ჩემი მოსაზრებაა, რომ ხშირ შემთხვევაში, მათივე დაფინანსებული ძალიან კეთილშობილური პროექტები გარდაიქმნება სიძულვილის და ზიზღის გამღვივებელ იდეებად და თუ ჩვენ, საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით თავად დონორებს გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, მათაც უფრო მეტად შეეძლებათ გააკონტროლონ ის კარგი პროექტები და მათი მოქალაქეების გადასახადებიდან დაფინანსებული თანხები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან დიდი მავნებლობისთვის იყენებენ“, - აცხადებს ნინო წილოსანი.