პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომლის თანახმადაც გასულ წელს მშობელმა 83 ათასი დოლარი აჩუქა. "ქართული ოცნების" დეპუტატს მშობლისგან მიღებული ფულადი საჩუქარი წინა წლების დეკლარაციებშიც აქვთ მითითებული, მაგალითად 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ მშობელმა 150 ათასი ლარი აჩუქა, 2019 წლის დეკლარაციის მიხედვით ფულადი საჩუქარი 50 ათას ლარს შეადგენდა, 2018 წლის დეკლარაციის თანახმად კი - 100 ათას ლარს.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნინო წილოსანმა დეპუტატის ანაზღაურების სახით გასულ წელს 53 ათასი ლარი მიიღო. ამასთან, დეპუტატს ჰქონდა შემოსავალი კერძო კომპანიებში არსებული წილებიდან. კერძოდ, წილოსანი უთითებს, რომ მან კომპანია “მკურნალი 2022”-დან 62,700 ლარისა და 43,700 ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო ამ კომპანიაში არსებული 52%-იანი წილი 222 ათას ლარად გაასხვისა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნინო წილოსანი დანაზოგების უდიდეს ნაწილს არა კომერციულ ბანკში, არამედ ნაღდი ფულის სახით ინახავს. რამდენიმე საბანკო ანგარიშზე წილოსანი საერთო ჯამში 6 ათას ლარსა და 3 ათას დოლარს უთითებს, ნაღდი ფულის სახით კი ქონებრივ დეკლარაციაში ნინო წილოსანს აღნიშნული აქვს რომ ინახავს 183 ათას დოლარს და 130 ათას ლარს.
სხვა შემოსავლებსა და ხარჯებში ნინო წილოსანი უთითებს, 107 ათასი ლარის შემოსავალს სამი უძრავი ქონების გაქირავებიდან, საკუთარი ავტომობილის გაყიდვიდან კი 26 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება ხარჯებს, ნინო წილოსანმა იპოთეკური სესხის მომსახურებაზე 26 ათასი ლარი დახარჯა, შვილების სწავლის ხარჯებად კი ნინო წილოსანი 20.6 ათას გირვანქა სტერლინგს, 16 ათას ლარს და 22 ათას დოლარს უთითებს.