ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში 25 დეკემბერს სქელი ნისლის გამო ფრენები და სარკინგზო მიმოსვლა შეიზღუდა. ზოგიერთ რაიონში, ნისლის გამო ხილვადობა 50 მეტრამდე შემცირდა - იტყობინება Reuters.
“ძალიან სქელ ნისლთან” ერთად, ნიუ-დელიში ჰაერის ტემპერატურა 9 გრადუსამდე შემცირდა. ადგილობრივი უწყების ცნობით, ნისლი დედაქალაქში 27 დეკემბრამდე შენარჩუნდება.
ამავე უწყების ცნობით, ნისლი მტვრის მყარი ნაწილაკებისა და სხვა პოლუტანტებისგან შედგებოდა, რაც ქალაქის 20 მილიონამდე რეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
26 დეკემბრის დილას ნიუ-დელი ჰაერის ხარისხის ინდექსით 376 ქულით შეფასდა, რაც ჰაერის დაბინძურების კონტროლის ცენტრალური ბორდის შეფასებით, კრიტიკული შედეგია - ჯანდაცვის ორგანიზაცია დაბინძურების დასაშვებ დონედ 0-დან 50-მდე ქულას მიიჩნევს.
ნისლის გამო გაუქმდა ან გადაიდო 30-მდე ფრენა, მათ შორის საერთაშორისო მარშრუტებზე. ანალოგიური პრობლემები იყო რკინიგზის სადგურებშიც.
ინდურმა ავიაკომპანიებმა მგზავრებისთვის განცხადებებიც გაავრცელეს, რომელთა თანახმადაც ამინდის მდგომარეობის გამო ნიუ-დელის აეროპორტში თვითმფრინავების დაჯდომა და გამგზავრება შეიზღუდა.
ამინდის მსგავსი კონდიციები დაფიქსირდა ჩრდილოეთ ინდოეთის სხვა რეგიონებშიც, სადაც ტემპერატურა 6-დან 10-გრადუსამდე მერყეობდა.