მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიუ-იორკის ლაგვარდიას აეროპორტში ავიაკატასტროფის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა

Air Canada

გასულ ღამეს ნიუ-იორკის ლაგვარდიას აეროპორტში ავიაკომპანია Air Canada-ს კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი სამაშველო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი პილოტი დაიღუპა. მონრეალიდან რეისით მომავალი Bombardier CRJ-900 ტიპის ხომალდი ასაფრენ ბილიკზე იმ დროს დაეშვა, როდესაც მას სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანა კვეთდა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ თვითმფრინავის წინა ნაწილი სრულად განადგურდა, ხოლო სამაშველო ავტომობილი ამოტრიალდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს მძიმედ დაშავდა პორტის ადმინისტრაციის ორი პოლიციელი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

როგორც ირკვევა, ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 72 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. თვითმხილველების ცნობითა და გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ შეჯახების მომენტში ერთ-ერთი ბორტგამყოლი თვითმფრინავის წინა ნაწილიდან სავარძლიანად გადავარდა, თუმცა მან გადარჩენა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ სამაშველო მანქანა სხვა საგანგებო გამოძახებაზე მიემართებოდა და ასაფრენი ბილიკის გადაკვეთის ნებართვა სადისპეტჩერო სამსახურისგან ჰქონდა მიღებული, თუმცა აუდიოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დისპეტჩერი ბოლო მომენტში ავტომობილის მძღოლს გაჩერებას სთხოვდა.

შეგახსენებთ, რომ მომხდარის გამო ლაგვარდიას აეროპორტი ორშაბათს, ადგილობრივი დროით 14:00 საათამდე დაიხურა, ხოლო ფრენებზე სრული შეზღუდვა დაწესდა. აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ გამოძიება უკვე დაიწყო და შემთხვევის ადგილზე სპეციალური ჯგუფი მიავლინა. სიცხადისთვის, ინციდენტის დროს აეროპორტის ტერიტორიაზე რთული მეტეოროლოგიური პირობები ფიქსირდებოდა. წვიმამ და ჩამოწოლილმა ნისლმა ხილვადობამ მკვეთრად შეამცირა. სავარაუდოა, რომ მომხდარის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად სწორედ ეს დასახელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები