საქართველოში რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით პირველი საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი გაიხსნა. ინიციატივა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა“ და ქართულ–გერმანულ რეპროდუქციულ ცენტრს" (GGRC) ეკუთვნის. ახალი პროექტის დეტალებზე GGRC–ს დამფუძნებელმა და სამედიცინო დირექტორმა, ნინო მუსერიძემ BMGTV–ს გადაცემაში „ჯანდაცვის სტანდარტი“ ისაუბრა.
მუსერიძის თქმით, ცენტრის შექმნის მთავარი მიზეზი რეპროდუქციული მედიცინის საერთაშორისო სწავლის მაღალი ღირებულებაა. როგორც ის განმარტავს, მაგალითად, ოქსფორდის უნივერსიტეტში ერთწლიანი კურსი 40 000 ფუნტ სტერლინგს აჭარბებს, რაც ახალგაზრდა პროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის სერიოზულ ფინანსურ ბარიერს ქმნის.
„ამიტომ გადავწყვიტეთ, „ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტთან“ ერთად გაგვეხსნა აკრედიტებული ტრენინგ ცენტრი, რომელიც არა მხოლოდ ქართველ, არამედ საერთაშორისო სტუდენტებსაც მოემსახურება“, - აღნიშნა მუსერიძემ.
ცენტრი ამ ეტაპზე საქართველოს აკრედიტაციას ელოდება, რის მიღების შემდეგაც ისრაელის ჯანდაცვის სისტემის აკრედიტაციის მიღებაც იგეგმება. პროგრამები მოიცავს როგორც ერთწლიან საბაზისო კურსებს, სადაც სწავლება ნულიდან იწყება, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების ერთკვირიან ტრენინგებს.
მუსერიძის თქმით, ახალი ცენტრის მთავარი უპირატესობა პრაქტიკული სწავლება იქნება. ის აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ბევრ კლინიკასა და უნივერსიტეტში სტუდენტებს ემბრიონისა და კვერცხუჯრედის მასალაზე უშუალოდ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ, მაშინ როცა GGRC–ისა და „ნიუ ვიჟენის“ ერთობლივ ცენტრში ეს სრულად ხელმისაწვდომი გახდება.
"ჩვენი კურსი გამორჩეულია იმით, რომ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ხელით იმუშაონ ემბრიონზე, კვერცხუჯრედზე და მასალაზე. სწავლება იწყება რობოტზე პრაქტიკით, რაც ბევრად რთულია, ვიდრე რეალურ მასალაზე მუშაობა. რობოტი სრულად დამენეჯმენტებულია და თვითონ აჩვენებს, რა შეცდომას უშვებს სტუდენტი ფუნქციის შესრულებისას“, - განაცხადა მუსერიძემ.
მისივე თქმით, სწორედ მსგავსი პრაქტიკული გამოცდილება უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. სასწავლო პროცესს წარუძღვებიან სფეროში მოქმედი საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის ცნობილი ემბრიოლოგი მარინა გვახარია. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.




























