მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუტონის თავისუფალი სკოლა თბილისსა და ბათუმში ფილიალების გახსნას გეგმავს

649942aa9fddd
თათია ჩაფიჩაძე
26.06.23 12:00
1841
კერძო სკოლა „ნიუტონი“ მომდევნო 2-3 წლიან პერიოდში თბილისსა და ბათუმში სამი ფილიალის გახსნას გეგმავს. როგორც სკოლის ხელმძღვანელმა გიორგი მელაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, თბილისის შემთხვევაში, ვარკეთილში, ჰუალინგის ტერიტორიაზე სკოლის აშენებისთვის საჭირო პროექტის შეთანხმება თითქმის დასრულებულია.

„დიდი ხანია ამისთვის ვემზადებით, ჯერ კიდევ პანდემიამდე გვქონდა გეგმაში, ერთი ფილიალი ნამდვილად გვექნება თბილისის ზღვაზე, ვარკეთილში. მიმდინარეობს პროექტის შეთანხმების საბოლოო ეტაპები და სულ მალე დაიწყება მშენებლობა. სავარაუდოდ 2 წელში ეს სკოლა იქნება ხელმისაწვდომი. სკოლა იქნება დიდი, იმიტომ რომ მასშტაბის ეკონომია გვაძლევს ამის საშუალებას.

ამის გარდა, განვიხილავთ რამდენიმე ლოკაციას თბილისში, ვნახოთ, ჯერ საბოლოო დეტალები არ არის ცნობილი. ასევე ვმუშაობთ ფილიალის გახსნაზე ბათუმშიც.

მინიმუმ სამი ფილიალი გვექნება მომდევნო რამდენიმე წლიან პერიოდში, ამ შემთხვევაში ვადა დამოკიდებული იქნება ბიუროკრატიულ პროცესებზე, ნებართვებზე. 2-3 წელი, ჩემი აზრით, რეალისტური ვადაა“, - განაცხადა მელაძემ.

ცნობისთვის, 2022/2023 სასწავლო წელს ქვეყანაში სულ 2,086 საჯარო და 216 კერძო სკოლა ფუნქციონირებდა. საჯარო სკოლების რაოდენობა თითქმის უცვლელია, ხოლო კერძო სკოლების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში კლებულობს. როგორც თიბისი კაპიტალის მიმოხილვაშია აღნიშნული, პანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევების, მაღალი ფიქსირებული ხარჯებისა და მაღალი კონკურენციის პირობებში, ზოგიერთმა კერძო სკოლამ ბაზარი დატოვა ან შეუერთდა სხვა სკოლას, რამაც საერთო ჯამში კერძო სკოლების რაოდენობის შემცირება გამოიწვია. 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, კერძო სკოლების წილი სკოლების ჯამურ რაოდენობაში სტაბილურად 10%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს 9%-მდე შემცირდა.

საჯარო სკოლებთან შედარებით მოთხოვნა კერძო სკოლებზე ბოლო წლების განმავლობაში მზარდია. გამონაკლისი იყო პანდემიური წელი, როდესაც ლარის სწრაფად გაუფასურებამ ზოგიერთი კერძო სკოლის ინდექსირებული სწავლის საფასური მკვეთრად გაზარდა, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის შემოსავლების შემცირებამ მოსწავლეთა საჯარო სექტორში დენადობას შეუწყო ხელი. პანდემიური წლის შემდეგ კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის აღდგენა შეინიშნება.

რაც შეეხება კერძო სკოლების ფინანსური ანგარიშგებებს, მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად იზრდებოდა 2018-2021 წლებში. 2021 წლის ბოლოსთვის, ჯამურმა წლიურმა შემოსავალმა 176 მილიონ ლარს მიაღწია. კერძო სკოლების წმინდა მოგების მარჟა 2020 წელს 13%-დან 10%-მდე შემცირდა, 2021 წელს კი 18%-ს დაუბრუნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები