რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდის აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აპრილიდან დაიწყება. ამის შესახებ რუსული "კომერსანტი" აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. კერძოდ, საუბარია თბილისის და ბათუმის მიმართულებით ავიარეისებზე, რომელსაც Red Wings-ი შეასრულებს.
ავიაკომპანიამ ფრენების განრიგში ბათუმი და თბილისი უკვე ჩასვა. Red Wings-ის ვებგვერდის თანახმად, თბილისის და ბათუმის მიმართულებით ერთ ადამიანზე ფრენის ფასი დაახლოებით 18 000 რუბლიდან, ანუ დაახლოებით 600 ლარიდან იწყება.
ბათუმის მიმართულებით ფრენები 26 აპრილიდან დაიწყება. საწყის ეტაპზე ნიჟნი-ნოვგოროდიდან რეისები შაბათობით შესრულდება, ხოლო ბათუმიდან – კვირაობით. 28 მაისიდან კი ფრენების სიხშირე გაიზრდება: ნიჟნი-ნოვგოროდიდან ბათუმში დამატებითი რეისი ოთხშაბათს, ხოლო ბათუმიდან ნიჟნი ნოვგოროდში ხუთშაბათს შესრულდება. მგზავრობის ხანგრძლივობა 3 საათი და 35 წუთი იქნება.
თბილისის მიმართულებით პირველი რეისი 28 აპრილს შესრულდება. ნიჟნი-ნოვგოროდიდან თბილისის მიმართულებით ფრენები ორშაბათობით, ხოლო თბილისიდან სამშაბათობით განხორციელდება. 5 ივნისიდან მარშრუტს დამატებითი სიხშირე დაემატება: ნიჟნი-ნოვგოროდიდან თბილისისკენ დამატებითი ფრენები ხუთშაბათს შესრულდება, ხოლო თბილისიდან ნიჟნი ნოვგოროდში პარასკევს. აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობის დრო 3 საათი და 20 წუთი იქნება.
ნიჟნი-ნოვგოროდის აეროპორტს საავიაციო განრიგი 2025 წლის 25 ოქტომბრამდე აქვს გაწერილი.
აღსანიშნავია, რომ ადრე, ნიჟნი ნოვგოროდის მთავრობამ სოხუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების ამოქმედების გეგმებზეც განაცხადა. თუმცა, "კომერსანტის" ცნობით, ჯერჯერობით, აფხაზეთი აეროპორტის ფრენების განრიგში არ ზის.
ცნობისთვის, Red Wings-ი ამ დროისათვის საქართველოდან, კერძოდ კი თბილისიდან და ბათუმიდან, პირდაპირ ავიამიმოსვლას რუსეთის არაერთ ქალაქში ასრულებს. მათ შორის თბილისიდან სოჭის, მინერალნიე ვოდის, სანქტ-პეტერბურგის, მოსკოვის, ყაზანის, სამარას და ეკატერინბურგის მიმართულებით. ბათუმიდან კი სოჭის, მინერალნიე ვოდის, სანქტ-პეტერბურგის, მოსკოვის (2 აეროპორტი), ყაზანის, სამარას, ეკატერინბურგის და უფას მიმართულებით.