ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომისტმა, ჯოზეფ სტიგლიცმა აშშ-ის ეკონომიკის მომავალთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე და პესიმისტური პროგნოზი გააკეთა. მისი თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება და ის ამის 3 მთავარ მიზეზს ასახელებს:
1. ტარიფებით გამოწვეული სტაგფლაცია
სტიგლიცის აზრით, ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სატარიფო პოლიტიკა პირდაპირ ზრდის ფასებს მომხმარებლებისთვის და ამ მოცემულობას ვერანაირი ვალუტის კურსის ცვლილება ვერ დააკომპენსირებს. ის საზოგადოებას ყველაზე ცუდი სცენარის შესახებაც აფრთხილებს, რომელიც სტაგფლაციას მოაზრებს, სადაც მაღალი ინფლაცია თანხვედრაში შეიძლება იქნეს სუსტ ეკონომიკურ ზრდასთან.
2. ინვესტორების განწყობის გაუარესება
ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკურმა გაურკვევლობამ და სამართლის უზენაესობისადმი უპატივცემულობამ აშშ „საშიშ ადგილად აქცია ინვესტირებისთვის“. ამ შემთხვევაში, ის მიუთითებს არსებული კონტრაქტების, მაგალითად, კანადასა და მექსიკასთან სავაჭრო შეთანხმებების ცალმხრივ დარღვევაზე, რაც გლობალურ ინვესტორებს აშშ-ის მიმართ ნდობას უკარგავს. სტიგლიცის თქმით, როდესაც მთავრობა პატივს არ სცემს დადებულ ხელშეკრულებებს, კაპიტალი ქვეყანას ტოვებს, რადგან ინვესტორებისთვის მთავარი კანონის უზენაესობაა.
3. ფედერალური რეზერვის დამოუკიდებლობის შერყევა
სტიგლიცი გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამოც, რომ თეთრი სახლი ღიად ცდილობს გავლენა მოახდინოს ფედერალურ რეზერვზე. მისი აზრით, ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობაზე თავდასხმა და მონეტარულ პოლიტიკაში სამთავრობო ჩარევა ეკონომიკურ სტაბილურობას ძირს უთხრის. ეს ქმნის დამატებით რისკს ობლიგაციების ბაზრისთვის და ზრდის ქვეყნის ვალის მომსახურების ხარჯებს, რადგან ინვესტორები ამერიკული ობლიგაციების შეძენის სანაცვლოდ უფრო მაღალ სარგებელს ითხოვენ.
ჯოზეფ სტიგლიცის დასკვნით, ტრამპის ადმინისტრაციის ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას არასწორი მიმართულებით მიაქანებს, რაც საბოლოოდ ყველაზე მძიმედ საშუალო მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება.
ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტის აზრით, მთავრობამ უნდა შეწყვიტოს FED-ის საქმიანობაში ჩარევა, პატივი სცეს სამართლის უზენაესობას, შეწყვიტოს გეოპოლიტიკური პარტნიორების გადამტერება და შეამსუბუქოს სატარიფო პოლიტიკა.




























