ნორვეგიის პროკურატურამ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის შესახებ ინფორმაციის გაჟონვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც ოფიციალურ უწყებაში აცხადებენ, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნობელის ნორვეგიული კომიტეტიდან შერჩეული კანდიდატის შესახებ მონაცემებმა გაჟონა.
კერძოდ, შედეგის შესახებ ინფორმირებულმა პირმა კრიპტოზე დაფუძნებული ფსონების აგრეგატორ Polymarket-ზე ანგარიშის მქონე სამ ადამიანს საიდუმლო გაანდო და მათ თანხის მარია კორინა მაჩადოზე დადება ურჩია. შედეგად, მათ, ჯამურად $90,000-ის მოგება მიიღეს.
ნორვეგიის პროკურატურასთან თანამშრომლობის პირობას დებს ნობელის კომიტეტი, რომელიც აცხადებს, რომ ინფორმაციის გაჟონვის ავტორის დადგენაში თავადაც აქტიურად ჩაერთვება. შეგახსენებთ, ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა და ის ფსონების დადების მსურველ უამრავ ადამიანს იზიდავს. გამარჯვებულის შესახებ გადაწყვეტილებას კომიტეტის წევრები რამდენიმე თვით ადრე იღებენ, ხოლო წარდგენილი კანდიდატების ვინაობა მხოლოდ 50 წლის შემდეგ ხდება ცნობილი, არათუ იმავე წელს.




























