ნოემბერში საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა მხოლოდ 483 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია იყო, რომლის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე ლარებში 13.9 თეთრი შეადგინა. ენერგეტიკულ ბირჟაზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, წინა თვეში ბირჟაზე ვაჭრობა საერთოდ არ შედგა და გარიგებების დადება მხოლოდ 3 ნოემბრიდან განახლდა, თუმცა გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობა კვლავ მცირეა.
ამ დროისთვის ენერგეტიკულ ბირჟაზე სულ 21 კომპანიაა რეგისტრირებული.
ექვსჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.