ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს უსმენდნენ, კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი დაინტერესდა ენერგეტიკული ბირჟის 6-ჯერ გადავადება რა გავლენას იქონიებდა ევროკავშირთან ურთიერთობაზე.
მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მეექვსედ გადავადდა. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბირჟის გადავადების მიზეზად კვლავ გეოპოლიტიკური მოვლენები დაასახელა, რის გამოც მთავრობას ფასებთან დაკავშირებით პროგნოზი უჭირს.
"ამას რაიმე უარყოფითი გავლენა ხომ არ ექნება ზოგადად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე. ან რამდენად სერიოზულად აღიქმება ქვეყანა, რომელიც ავადებს რეგულაციას რამდენიმე თვით ან ერთი წლით. რამდენად გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და რამდენად ესმით ის მიზეზები, რის გამოც ვავადებთ",- იკითხა ბოჭორიშვილმა.
საპასუხოდ რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, რომ 2024 წელსაც არსებული ვითარების გათვალისწინებით მიიღებენ ბირჟის ამოქმედებაზე გადაწყვეტილებას.
"ტექნიკურად მზად ვართ, მაგრამ სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. ამ პერიოდში მიზანშეწონილი არ იყო ბირჟის გახსნა, რადგან როგორც გითხარით ჩვენ მაინც დეფიციტური ბაზარი ვართ. თავის მხრივ ღია ბაზრის კონცეფციაში გათვალისწინებული იყო იმპორტირებული ელექტროენერგია. როცა ვხედავთ, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი თურქეთში 20 ცენტია, ჩვენს ბაზარზე ის სავარაუდოდ, უფრო მაღალი ფასით შემოვიდოდა, რაც ავტომატურად რყევებს შექმნიდა. დაინგრეოდა ეს სისტემა და ამიტომ გადაიწია ვადამ. ჩვენს დონორებსა და პარტნიორებს წინასწარ ვუთხარით ამ გადაწყვეტილების შესახებ. კოლეგიალური ურთიერთობა დავიცავით და მათ არ გაუგიათ ტელევიზიიდან, ეს სწორი არ იქნებოდა. მიზეზი ავუხსენით და ისინიც ამ საკითხს გაგებით მოეკიდნენ", - განაცხადა მიქაუტაძემ.
ვრცლად ამ თემაზე: ბირჟის გადავადება ინვესტორების ნდობაზე სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს - ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება