მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟის გადავადება ინვესტორების ნდობაზე სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს - ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება

64a28462d9d40
მარიამ ვარადაშვილი
03.07.23 12:10
492

“ენერგეტიკული გაერთიანების” სამდივნო საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის გადავადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხშირი გადავადება სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ბაზრის მონაწილეების და ინვესტორების ნდობაზე.

“ბოლო გადავადება და წინა შეფერხებები სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ბაზრის მონაწილეებისა და ინვესტორების ნდობაზე. იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს ევროპულ ენერგეტიკულ სექტორში ინტეგრაცია, მათ შორის ელექტროენერგიის ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ფუნქციური ელექტროენერგიის შიდა ბაზარი აუცილებელი წინაპირობაა”, - წერია განცხადებაში.

ამას გარდა, ორგანიზაცია აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ქვეყანაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის დაფუძნებას მხარს უჭერდნენ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობდა ყველა მხარე იმისთვის, რომ ნაპოვნი ყოფილიყო გამოსავალი იმ საკითხებზე, რაც წინა გადავადებებს ედო საფუძვლად.

 „ენერგეტიკული გაერთიანების" მთავარი მიზანია ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში.

კერძოდ, მისი ამოცანებია:

წევრ ქვეყნებში საინვესტიციო გარემოს შექმნა ბუნებრივი გაზის და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოსაზიდად და ენერგიის სტაბილური და უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად.

ენერგეტიკულ ქსელში ფართო ვაჭრობისათვის ერთიანი მარეგულირებელი სივრცის შექმნა და საბაზრო კონკურენციის უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალში გავრცელება.

მიწოდების უსაფრთხოების გაზრდა ინვესტიციების ზრდით და ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმების განვითარებით.

გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება და ენერგოეფექტური ღონისძიებებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უკვე მეექვსედ გადავადდა. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბირჟის გადავადების მიზეზად კვლავ გეოპოლიტიკური ვითარება დაასახელა, რის გამოც მთავრობას ფასებთან დაკავშირებით პროგნოზი უჭირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები