მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნოემბერში პროდუქციის წარმოება გაძვირდა - რამ იქონია გავლენა პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდაზე?

მწარმოებელთა ფასების ინდექსი

ნოემბერში პროდუქციის წარმოება როგორც თვის, ასევე წლის ჭრილში გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.1%-იანი მატება.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 24.2%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (33.3%);

• დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.8%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.86 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (11.3%) და სასმელებზე (2.8%);

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 6.2%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.64 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 1.7%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.05 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

2025 წლის ოქტომბერთან შედარებით ფასები 0.7%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.05 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (1.3%), რამაც 1.03 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (2.2%) და ძირითად ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიურ პროდუქტებზე (5.8%).

გარდა ამისა, ფასების 1.5 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.16 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები