2024 წლის ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.6%-იანი მატება.
საქსტატის მონაცემებით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 23.7%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (27.9%);
- დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.7%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.85 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (6.6%) და სასმელები (7.3%);
- ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 10.8%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 10.3%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.24 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
რაც შეეხება თვიურ ჭრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ცვლილებას, 2024 წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით ფასები 1.4%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე -0.09 პროცენტული პუნქტით იქონია.
ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.4%), რამაც 0.33 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.8%) და სასმელებზე (2%). გარდა ამისა, ფასების 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.22 პროცენტული პუნქტი შეადგინა.