მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნოემბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები $39 მილიონით გაიზარდა

სები

2024 წლის ნოემბერში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 39 მილიონი დოლარით, 4,123,893,700 დოლარამდე გაიზარდა. ერთთვიან ჭრილში რეზერვების ზრდის მიუხედავად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 999 მილიონი დოლარით შემცირდა.

გასულ თვეში ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ეროვნული ბანკის მიერ Bmatch პლატფორმით 124.5 მილიონი დოლარის შესყიდვა გახდა, რის შესახებაც განცხადება გუშინ პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გააკეთა.

ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა რეკორდული მასშტაბის 591 მილიონი დოლარის მოცულობის სავალუტო რეზერვები გაყიდა, რამაც საერთაშორისო რეზერვების 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირება განაპირობა. ამ კლების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალური გახდა სავალუტო რეზერვების შევსება, რის შესახებაც BMG-ის ეთერში განცხადება გააკეთა IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯიჰად აზურმა.

ნოემბრის მდგომარეობით სავალუტო რეზერვების მოცულობაზე გავლენა მოახდინა ოქროს ფასმაც, რომელიც შემცირდა. თუკი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვებში არსებული 7.1 ტონა ოქრო 627 მილიონი დოლარი ღირდა, ნოემბრის მდგომარეობით მისი ფასი 608 მილიონ დოლარამდე შემცირდა. რომ არა ეს კლება, საქართველოს სავალუტო რეზერვები გასულ თვეში 39 მილიონის ნაცვლად 58 მილიონი დოლარით გაიზრდებოდა.

სავარაუდოდ გასულ თვეში სავალუტო რეზერვების მოცულობაზე გავლენა მოახდინა რეზერვებში ევროს აქტივების ღირებულების კლებამ, რაც ევროს გაუფასურებასთან იყო დაკავშირებული და საქართველოს საგარეო ვალების გასტუმრებამ, რომელთა გადახდაც ასევე საერთაშორისო რეზერვებიდან ხდება.

ეროვნული ბანკის მიერ 2024 წლის 11 თვეში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების დეტალური სტატისტიკა ასე ნაწილდება:

  • იანვარი - შესყიდვა $8.1 მილიონი Bmatch;
  • თებერვალი - შესყიდვა $77.5 მილიონი Bmatch;
  • მარტი - შესყიდვა $127.9 მილიონი Bmatch;
  • აპრილი - შესყიდვა $73.1 მილიონი Bmatch;
  • მაისი - გაყიდვა $108.7 მილიონი აუქციონით და გაყიდვა $9.1 მილიონი Bmatch-ით;
  • ივნისი - გაყიდვა $60 მილიონი აუქციონით და გაყიდვა $42 მილიონი Bmatch-ით;
  • ივლისი - შესყიდვა $1.9 მილიონი Bmatch-ით;
  • აგვისტო - შესყიდვა $41 მილიონი Bmatch-ით;
  • სექტემბერი - გაყიდვა $106.5 მილიონი Bmatch-ით;
  • ოქტომბერი - გაყიდვა $213.4 მილიონი აუქციონით და გაყიდვა $377.7 მილიონი Bmatch-ით.
  • ნოემბერი - შესყიდვა Bmatch-ით 124.5 მილიონი დოლარის ოდენობით.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადების შესაბამისად, 2024 წელს სებ-ის მთლიანი გაყიდვები იყო 917 მილიონი დოლარი, ხოლო შესყიდვები 453 მილიონი დოლარი იყო, რაც წმინდა 464 მილიონი დოლარის გაყიდვების ტოლია.

bmatch
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები