მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნოემბრის მოვლენების შემდეგ, ქუთაისში სტუმრების რაოდენობა ძალიან შემცირდა - ჰოტელიერი

ქრისტინე მესხაძე

ქუთაისში მდებარე სასტუმრო 7 Doors-ის თანადამფუძნებლის, ქრისტინე მესხაძის თქმით, გასული წლის ნოემბერში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ქუთაისში ტურისტული ნაკადების მკვეთრი კლება შეინიშნებოდა. როგორც მან BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ეს ტენდენცია განსაკუთრებით იგრძნობოდა ქალაქში არსებულ ყველა ზომის სასტუმროში და ბუტიკურ აპარტამენტში.

"ქალაქში სტუმრების რაოდენობის კლება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და ივლისის შუა რიცხვებამდე საშინელი სტატისტიკა იყო. ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოში უკვე შეინიშნებოდა ზრდა, თუმცა საერთო ჯამში, 12%-ით არის შემცირება დაწყებული. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქვეყანაში არსებული მდგომარეობითაა განპირობებული. ყველა ახალი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შესახებ სხვადასხვა ქვეყნებში ვრცელდება, იქაურებისთვის უფრო მძაფრია", - აცხადებს ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, ამ სეზონზე ქუთაისში ადგილობრივი ტურისტები ჭარბობდნენ, რაც გარკვეულწილად ქუთაისის აეროპორტის ფუნქციონირებითაა განპირობებული. თუმცა, ის დასძენს, რომ მოგზაურები ქალაქს ხშირად მხოლოდ ჩასვლის ან გამგზავრების წერტილად იყენებენ და არა სრულფასოვანი ტურისტული დანიშნულების პუნქტად.

ტურისტული ნაკადების კლების კიდევ ერთ მიზეზად მესხაძე ქუთაისიდან ცალკეული ავიარეისების გაუქმებას ასახელებს. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დანია/შვედეთის მიმართულება, ამასთან, ლატვია და ახლახან გაუქმებული აბუ-დაბი: „აბუ-დაბის მიმართულების შეწყვეტა, განსაკუთრებით ცხელ სეზონზე, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, რადგან სწორედ ამ პერიოდში იზრდებოდა ინტერესი რეგიონიდან საქართველოს მიმართ”, - თქვა მან.

ქრისტინე მესხაძე ამბობს, რომ შექმნილი ვითარების პარალელურად, მას სასტუმრო ბიზნესის სამოქმედო გეგმის გადახედვა და კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, ფასების დაკორექტირება მოუწია.

“ფასებით კონკურენცია გახდა აუცილებელი, რადგან მომხმარებლები არჩევანს ფასის მიხედვით აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ქუთაისის ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურ უბანში, თეთრ ხიდთან მდებარეობს და ინდივიდუალური, მაღალი ხარისხის აპარტამენტებს სთავაზობს სტუმრებს, მოთხოვნის კლებამ ფასების დაკორექტირება გვაიძულა”, - აღნიშნა მესხაძემ.

7 Doors-ის თანადამფუძნებელი კადრების გადინების პრობლემაზეც საუბრობს. მისი თქმით, უკეთესი ცხოვრების საძიებლად, დღეს ქალაქს არა მხოლოდ საშუალო ასაკის მოსახლეობა ტოვებს, არამედ ახალგაზრდა თაობაც – სტუდენტები, ახალგაზრდები, რომლებიც ადრე სექტორში აქტიურად იყვნენ ჩართულები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები