ნორვეგიის სუვერენული ფონდი, რომელიც 1.5 ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს ფლობს, ახალ სტრატეგიაზე გადადის და ამ პორტფელიდან 70 მილიარდი დოლარის ჩადებას, ის კერძო საინვესტიციო ფონდებში გეგმავს.
ქვეყნის ეროვნული ბანკის შეფასებით, საჯარო კაპიტალთან მიმართებით სუვერენულმა ფონდმა საკუთარი თავი უკვე ამოწურა, რადგან ის გლობალურ საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი აქტივების 1.5%-ს ფლობს და ამ მაჩვენებლით ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. ახლა უკვე ფონდისთვის განვითარების შემდეგი ეტაპი კერძო კაპიტალის ათვისება იქნება, რაც შედარებით უფრო მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული, თუმცა ნორვეგიას ამ რისკების დაზღვევის საშუალება ნამდვილად აქვს.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, საფონდო ბირჟები სათანადოდ ზრდას ვერ ახერხებენ, თუმცა კერძო კომპანიები და სტარტაპები ისევ განაგრძობენ განვითარებას, ამიტომ ქვეყნის საინვესტიციო პორტფელის მცირე ნაწილი ამ სექტორსაც უნდა დაეთმოს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ნორვეგიის სუვერენული ფონდი ერთდროულად ასრულებს იმ ფუნქციას, რაც საქართველოში საპარტნიორო ფონდს და საპენსიო სააგენტოს ჰქონდათ. მისი არსებობის მიზანი ნორვეგიის მოსახლეობისათვის მაქსიმალური ფინანსური სარგებლის მოტანაა, სწორედ ამიტომ ფონდს 9,200-მდე კომპანიასა და აქტივში აქვს ინვესტიცია განხორციელებული.