„ნოვა“ რაჭაში სამძებრო-სამაშველო პროცესში ჩართულ პირებს ტექნიკური ინვენტარით დახმარებას სთავაზობს - განცხადებას კომპანია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
„ძალიან ვწუხვართ რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვიზიარებთ გარდაცვლილთა ოჯახების ტკივილს და იმედი გვაქვს ყველა ის ადამიანი დაუბრუნდება სახლს რომელსაც ახლა ეძებენ.
მზად ვართ მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველას, ტექნიკური ინვენტარით, ვინც აქტიურად არის ჩართული სამძებრო-სამაშველო პროცესში. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ - *0033“, - ნათქვამია „ნოვას“ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, შოვში, მეწყერი, გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ონის მუნიციპალიტეტში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც ჩართულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები და 400-მდე მეხანძრე - მაშველი. დღეს, 06:00 საათიდან, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე, ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და, ამ დროისთვის, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 210 ადამიანი. სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი; ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც.