რუსეთის ფედერაციაში გათხევადებული ბუნებრივი აირის, იგივე LNG-ის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია NOVATEK-ი, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნოემბერში დაასანქცირა, LNG 2-ის მილსადენის პროექტის ამოქმედებას ვერ ახერხებს, რის გამოც კლიენტებთან ფორს-მაჟორის მუხლის ამოქმედებას გეგმავს.
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, კონტრაქტის ფორს-მაჟორის გამო გაწყვეტის შესახებ შეტყობინებები უკვე მიიღეს ჩინურმა Shenergy Group-მა და Zheijan Energy-მ და ესპანურმა Repsol-მა.
LNG 2-ის მილსადენი რუსული ენერგოგიგანტისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს წარმოადგენს, რომლითაც NOVATEK-ი წელიწადში 19.8 მილიონი მეტრული ტონა გათხევადებული ბუნებრივი აირის და 1.6 მილიონი ტონა გაზის კონდენსატის გატარებას გეგმავდა.
ამ პროექტით, 2030 წლისთვის, კომპანიას და შესაბამისად რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, LNG-ის გლობალურ ბაზარზე საკუთარი წილის გაზრდა 20%-ით სურდა, როცა დღეს, ეს მაჩვენებელი 8%-ს შეადგენს. LNG 2-ის ფარგლებში, პირველი ტანკერები რუსული არქტიკული პორტებიდან 2024 წლის პირველ კვარტალში უნდა გამოსულიყვნენ.