Reuters-ის ცნობით, Shell-მა და მისმა პარტნიორებმა ბრიტანეთის კოლუმბიაში LNG Canada-ს გაფართოების მეორე ფაზა ოფიციალურად დაამტკიცეს.
როგორც ირკვევა, მრავალმილიარდიანი ინვესტიცია მიზნად საწარმოს წლიური საექსპორტო სიმძლავრის 28 მილიონ ტონამდე გაზრდას, ანუ გაორმაგებას ისახავს. ეს გადაწყვეტილება საწარმოო შესაძლებლობებს მკვეთრად გააფართოებს და კანადას გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორის პოზიციას დაუმკვიდრებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ბუნებრივი აირის გასათხევადებელი ორი დამატებითი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. ახალი სიმძლავრეების დამატების შემდეგ ტერმინალის საერთო გამტარუნარიანობა 14 მილიონი ტონიდან თითქმის 28 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
Shell-ი ერთობლივ საწარმოში 40%-იან წილს ფლობს და ის გაფართოებული ინფრასტრუქტურიდან წლიურად დამატებით თითქმის 6 მილიონი ტონა გათხევადებული აირის მიღებას ელის.
აღსანიშნავია, რომ ობიექტზე კომერციული ოპერაციების დაწყების სამიზნე პერიოდად 2030-იანი წლების დასაწყისი განისაზღვრა.
ცნობისთვის, LNG Canada ქვეყნის ისტორიაში პირველ მასშტაბურ საექსპორტო ტერმინალად და ერთ-ერთ უმსხვილეს კერძო საინვესტიციო პროექტად მიიჩნევა. კონსორციუმს სათავეში Shell-ი უდგას. საწარმოს დანარჩენ მეწილეებს შორის კი მალაიზიური Petronas-ი, ჩინური PetroChina, იაპონური Mitsubishi Corp და სამხრეთკორეული KOGAS-ი არიან.
























