Novo Nordisk-მა ჭარბი წონის საწინააღმდეგო პრეპარატები Wegovy-სთვის მრავალთვიანი გამოწერის (subscription) პროგრამა აამოქმედა. მიზანია, იმ პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობის საფასურს თავად იხდიან, უფრო დაბალი და "პროგნოზირებადი" ყოველთვიური ფასები მიიღონ.
პროგრამაში ჩართულ პაციენტებს შეუძლიათ, აირჩიონ 3, 6 ან 12-თვიანი გამოწერა Wegovy-ს ინექციისთვის ან ახლად გამოშვებული იმავე ბრენდის აბების ორი ყველაზე მაღალი დოზისთვის. რაც უფრო ხანგრძლივია გეგმა, მით უფრო დაბალია ყოველთვიური ფასი.
კომპანიის პრესრელიზის თანახმად, მოსალოდნელია, რომ თითოეული დოზის ყოველთვიურად ცალკე შეძენასთან შედარებით, პაციენტები ინიექციაზე წელიწადში 1,200 დოლარამდე, ხოლო აბებზე 600 დოლარამდე დაზოგავენ.
კომპანიის განცხადებით, პაციენტები სტაბილურ ყოველთვიურ ფასს გადაიხდიან მაშინაც კი, თუ სხვა დოზაზე გადავლენ. სააბონენტო პროგრამა 31 მარტიდან ხელმისაწვდომი იქნება Novo-ს რამდენიმე ტელემედიცინის პარტნიორთან, მათ შორის: Ro, WeightWatchers, LifeMD, Sesame და Hims & Hers. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში მათ სხვა პარტნიორებიც დაემატება.
"ეს უპრეცედენტო შეთავაზება არის შესაძლებლობა, დავეხმაროთ პაციენტებს არა მხოლოდ დაიწყონ, არამედ გააგრძელონ თერაპია და გავუმარტივოთ ფასებთან დაკავშირებული გარკვეული სირთულეების მართვა", - განაცხადა ედ სინკამ, Novo-ს მარკეტინგის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ეს ეხებათ როგორც ახალ, ისე უკვე მოქმედ პაციენტებს.
GLP-1 კლასის პრეპარატებით მკურნალობის გაგრძელება დიდი ხნის პრობლემაა. ამის მიზეზებია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის სირთულე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები. 2025 წლის ერთი კვლევის შეფასებით, პაციენტების დაახლოებით 65% მკურნალობას ერთ წელიწადში წყვეტს.
Wegovy-ს გამოწერის ფასები და სავარაუდო დანაზოგი
ინექციის გამოწერის გეგმები (0.25, 0.5, 1.7 და 2.4 მილიგრამიანი დოზები):
3-თვიანი: $329 თვეში (დანაზოგი — $240 წელიწადში)
6-თვიანი: $299 თვეში (დანაზოგი — $600 წელიწადში)
12-თვიანი: $249 თვეში (დანაზოგი — $1,200 წელიწადში)
აბების გამოწერის გეგმები (9 და 25 მილიგრამიანი დოზები):
3-თვიანი: $289 თვეში (დანაზოგი — $120 წელიწადში)
6-თვიანი: $269 თვეში (დანაზოგი — $360 წელიწადში)
12-თვიანი: $249 თვეში (დანაზოგი — $600 წელიწადში)
ახალი პროგრამა ინერგება იმ ფონზე, როცა Novo-ს აბები (რომლებზე მოთხოვნაც იანვარში აშშ-ის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ ფეთქებადია) წლის ბოლოს მთავარი კონკურენტის, Eli Lilly-სგან ახალი ორალური GLP-1 პრეპარატის გამოსვლით კონკურენციის გაძლიერებას ელის. ამჟამად Eli Lilly აშშ-ის ბრენდირებული GLP-1 ბაზრის დომინანტი მოთამაშეა სავარაუდო 60%-იანი წილით, მაშინ როცა Novo-ს წილი დაახლოებით 39%-ს შეადგენს.
Wegovy-ს აბები ძირითადად იმ ადამიანებამდე აღწევს, რომლებიც მანამდე GLP-1 ინექციებს არ იკეთებდნენ. ამიტომ Novo-სთვის კონკურენტის გამოჩენამდე რაც შეიძლება მეტი ახალი პაციენტის მოზიდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.




























