ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული საჯარო კომპანია, Novo Nordisk-ი საფრანგეთის ქალაქ შარტრში ახალ ქარხანას გახსნის, რომელშიც $2.3 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული ქარხანა, რომლის მშენებლობა უკვე დაიწყო, დანიური ფარმაკოლოგიური გიგანტის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატების, Wegowy-ისა და Ozempic-ის წარმოებაზე იქნება მიმართული.
Novo Nordisk-ის სწრაფი გაფართოება, რეალურად, წონის კლების მედიკამენტების ბაზარზე მზარდი კონკურენციით არის განპირობებული, რადგან ბაზარზე Ozempic-ისა და Wegovy-ის გამოჩენის შემდეგ, ამ პრეპარატებმა ფარმაკოლოგიური ბაზარი მნიშვნელოვნად გაზარდა და ნავარაუდევია, რომ მხოლოდ წონაში კლების პრეპარატების გლობალური ბაზარი, მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე, $100 მილიარდამდე გაიზრდება. ამ ყველაფრის ფონზე, Novo Nordisk-ი ახალ ქარხანას მშობლიურ დანიაშიც ააშენებს, რისთვისაც $6 მილიარდის ინვესტიციას გამოყოფს.
დანიური კომპანიის ქარხნის გახსნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აღმოჩნდა ეკონომიკურად არასახარბიელო დღეში მყოფი საფრანგეთისთვისაც, რასაც ქარხანაში ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ვიზიტიც ადასტურებს.
აქვე, ორიოდ სიტყვით გეტყვით თავად Ozempic-ისა და Wegovy-ის შესახებ. ორივე მედიკამენტში სემაგლუტიდის მოლეკულაა გამოყენებული, რომელიც სისხლში შაქრიანობას ამცირებს და ინსულინის დონეს არეგულირებს. თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ წონაში კლება Ozempic-ის პირველადი დანიშნულება არ არის - ამისთვის, პრეპარატს ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი მარეგულირებლის ნებართვა სჭირდება, რომელიც სწორედაც რომ Wegovy-ის აქვს და არა - Ozempic-ს.
წონაში კლების მედიკამენტის გამოგონება Novo Nordisk-ისთვის იმდენად დადებით მოვლენად იქცა, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში, კომპანიის აქციის ფასი თითქმის 70%-ითაა მომატებული. დღეს, Novo Nordisk-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $460 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით ის ევროპაში პირველი, მსოფლიოში კი რიგით მეთხუთმეტე კომპანიაა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.