საქართველოში დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტი, მათ შორის ბავშვები, უზრუნველყოფილია კომპანია „სანოფი-ავენტისის“ წარმოებული ინსულინით, – ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ინსულინის მეორე მწარმოებელმა დანიურმა კომპანიამ „ნოვო ნორდისკმა“ ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია ხელშეკრულება და სახელმწიფო პროგრამისთვის დაგეგმილზე ნაკლები პრეპარატი მიაწოდა.
„სამწუხაროდ, კომპანიამ პირველივე ჯერზე ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია ხელშეკრულება და მოგვაწოდა დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი, ისინიც დაგვიანებით. ეს ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია,“ – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, სამინისტრომ კომპანიასთან ყველა შესაძლო კომუნიკაცია სცადა, მათ შორის პირადი შეხვედრაც გაიმართა „ნოვო ნორდისკის“ ხელმძღვანელობასთან ოქტომბერში.„დაგვპირდნენ, რომ ნოემბრის დასაწყისში მოხდებოდა მარაგის შევსება, თუმცა დღემდე ვალდებულება არ შესრულებულა".
სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პაციენტების უზრუნველყოფა სრულად გაგრძელდეს „სანოფი-ავენტისის“ პრეპარატებით, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ევროპის ქვეყნებშიც.
„დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი საქართველოში, უპირველესად ბავშვები, სრულად არიან უზრუნველყოფილები „სანოფის“ ინსულინით. რაიმე შეფერხების რისკი არ არსებობს და არც შეიქმნება,“ – აღნიშნა სარჯველაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია ინსულინის დეფიციტის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.
„სამწუხაროდ, ბოლო დღეებში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო პროგრამამ ინსულინის მიწოდება შეაჩერა. ეს არის შეგნებული ტყუილი და პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობა,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.




























