მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში სახელმწიფო მიწის ნაკვეთი კომპანია "ნოვოლენდმა" 3 035 000 ლარად შეიძინა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სოფელ ლისში მდებარე 28050.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პრივატიზებისთვის, 11 ოქტომბერს, უპირობო ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა. როგორც აუქციონის შედეგებით ირკვევა, აღნიშნული ქონებით მხოლოდ ერთი კომპანია დაინტერესდა და ვაჭრობისას ერთი ბიჯი დაფიქსირდა. აუქციონი 28 ოქტომბერს დასრულდა.
სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია „ნოვოლენდი“ მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს დაფუძნდა. ანუ ამ კონკრეტული აუქციონის დაწყებიდან 5 დღეში. მისი მესაკუთრე კი ზურაბ ვარსემაშვილია. ბიზნესმენი ასევე 100%-იანი წილის ერთპიროვნული მმართველია კომპანიებში „ინთერნეიშენალ გემბლინგ კომპანი“, „ბიტ ტექში“ , „აგრო ინვესტში“, „გლობალ გრუფ“, ხოლო 50%-იან წილს კომპანია „არტ ჰაუსში“ ფლობს.