ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დანიური კომპანია Novo Nordisk-ის მიერ წარმოებული ინსულინი „ნოვორაპიდი“ უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, რაც უზრუნველყოფს ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობის უწყვეტობას.
სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი არჩევანით განსაზღვრონ მკურნალობის სქემა. ისინი შეიძლება დაუბრუნდნენ „ნოვორაპიდს“ ან განაგრძონ თერაპია მისი ანალოგით, ფრანგული Sanofi Aventis-ის მიერ წარმოებული „აპიდრათი“. იგივე არჩევანი ექნებათ იმ პაციენტებსაც, რომლებიც თავიდანვე „აპიდრას“ მიმართავდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტების არჩევანის თავისუფლება პაციენტებისთვის მკურნალობის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას უზრუნველყოფს.
"პაციენტებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ, ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული „აპიდრათი“ განაგრძონ. არჩევანის საშუალება აქვთ მათაც, ვინც თავიდანვე „აპიდრას“ იყენებდა" - წერს უწყება.
უწყება წერს, რომ მწარმოებელ ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო, Novo Nordisk-მა წინასწარ შესყიდული მედიკამენტი, საქართველოს, დროულად ვერ მოაწოდა. თუმცა, ქვეყანაში ინსულინის დეფიციტი არ ყოფილა და ბენეფიციარებმა მკურნალობა „ნოვორაპიდის“ ანალოგი „აპიდრათი“ გააგრძელეს.




























