იმისთვის, რომ მსოფლიომ “პარიზის შეთანხმების” მიზანს მიაღწიოს და 2050 წლისთვის გლობალური ემისიები ნულოვან ნიშნულამდე დაიყვანოს, მწვანე პროექტებში ყოველწლიური ინვესტიცია $3.5 ტრილიონამდე უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ საუბარი Wood Mackenzie-ის კვლევაშია.
საკონსულტაციო კომპანიის ანალიტიკოსები იტყობინებიან, რომ გარდა საინვესტიციო ნაპრალისა, მწვანე ენერგიაზე გადაწყობის პროცესი ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვების, ტარიფებისა და სავაჭრო ბარიერების არსებობის გამო წნეხის ქვეშ მოექცა, რაც გლობალური ელექტრიფიკაციის ზრდაში ჩამორჩენას იწვევს.
ანგარიშის თანახმად, “პარიზის შეთანხმებით” დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო ზომები არც ერთ ქვეყანას არ მიუღია და აქტივობით მხოლოდ რამდენიმე მსხვილი კომპანია გამოირჩევა.
საქმე ისაა, რომ, ექსპერტების თქმით, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკებისა და გლობალური კორპორაციების მიერ $3.5-ტრილიონიანი ინვესტიციის მობილიზება ემისიების განულებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ამასთან, კვლევის თანახმად, 2030 წლისთვის მზისა და ქარის ენერგიის წილი ელექტროენერგიის გლობალურ გენერაციაში 25%-დან 36%-მდე იქნება. ამავე დროს, 2015 წლიდან 2024 წლამდე ამ რესურსების წილი 4.5%-დან 17%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება მოთხოვნას ბუნებრივ აირზე, ერთ-ერთი მოსალოდნელი სცენარის თანახმად, ის 2050 წლისთვის 11%-ით გაიზრდება, მაშინ, როცა ემისიების ნულოვან ნიშნულამდე დაყვანისთვის, იმავე პერიოდში, ამ მოთხოვნის 47%-ით შემცირებაა საჭირო.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მსოფლიოს პარიზის შეთანხმების შესასრულებლად დრო ჯერ კიდევ აქვს, თუმცა ამისთვის აუცილებელია, ქმედითი ნაბიჯები აქედანვე გადაიდგას.