საქართველოს ექსპრემიერის გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯს მიესალმება.
"აუცილებელია განაცხადს მოჰყვეს ქმედითი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან პროცესის სწრაფად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით.
ვთავაზობთ, საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხში მაქსიმალურ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკურ აქტორს, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან - გვერდით გადავდოთ მსჯელობა იმაზე, თუ ვინ რა წვლილი შეიტანა აღნიშნულ პროცესში, გავერთიანდეთ იდეის ირგვლივ და სწრაფად და ეფექტიანად მივიყვანოთ პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე.
მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის", - წერს პარტია.