ბალნეოლოგიური კურორტი „ნუნისისთვის“ 2023 წელი რთული აღმოჩნდა, რადგან სასტუმრო დამსვენებელს წყლის მოპოვების ლიცენზიის ვადის ამოწურვის გამო ბალნეოლოგიურ სერვისს ვეღარ აწვდიდა. ასე შეაფასა კომპანიის თანადამფუძნებელმა ირმა დაუშვილმა კურორტისთვის განვლილი 2023 წელი.
„წელს ძალიან გაგვიჭირდა. „ნუნისისთვის“ რთული პერიოდი იყო, რადგან ლიცენზია, რომელიც ჩვენ სამკურნალო წყლის მოპოვებაზე გვქონდა, ვადა ამოეწურა და სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები დღემდე გრძელდებოდა. ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა ის პირობები, რომლითაც აუქციონზე წყლის მოპოვების ლიცენზიის გამოტანა მოხდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ შეფერხება არ გვექნება და მომავალ წელს წყლის მოპოვების ლიცენზიას მივიღებთ“, - ამბობს დაუშვილი.
დღეს კურორტი ნუნისი 4 კოტეჯსა და ერთ 7-ნომრიან სასტუმროს აერთიანებს. ირმა დაუშვილი ამბობს, რომ კურორტი ზამთრის სეზონზეც მიმზიდველია და ამიტომ წელს კომპანია სტუმრებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში განთავსებას და დასვენებას შესთავაზებს.
„ნუნისის“ თანადამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ მომავალი წლების განმავლობაში კურორტის განვითარების მიზნით 5 მილიონის ინვესტირებას გეგმავენ. თუმცა ამ გეგმის შესრულებას იმ შემთხვევაში შეძლებენ თუ კურორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზა მოეწყობა.
„5 მილიონის ინვესტირებას ვგეგმავთ, რომელიც მომავალი 10 წლის განმავლობაში განხორციელდება. ამ ინვესტიციების განხორციელებისთვის კი ინფრასტრუქტურის განვითარებას ველით, რადგან დღეს კურორტამდე მისასვლელი გზა ძალიან დაზიანებულია და ტალახია ფაქტობრივად, ხშირად ვამბობ ხოლმე ოფროუდის კონკურსი ჩავატაროთ, რადგან ოფროუდერებისთვის ძალიან კარგი გზაა. 28 კილომეტრი კიდევ უფრო დაზიანდა.
ნუნისამდე მოსასვლელი გზის პროექტი 2008 წელს დაიწყო, თუმცა აგვისტოს ომის გამო გადაიდო. 2012 წელს მთავრობის ცვლილებასთან ერთად ამ პროექტზე საუბარი ახლიდან დავიწყეთ და პროექტი ჩვენი თხოვნის შემდეგ აზიის განვითარების ხელშეწყობით უნდა განხორციელებულიყო, რომელიც 2021 წელს უნდა დასრულებული, თუმცა არ დასრულდა. ტენდერი ახლიდან გამოცხადდა, რომელიც სექტემბერში თუ ოქტომბერში მოიგო რომელიღაც კომპანიამ და პროექტის ღირებულებაც ₾92 მლნ-მდე გაიზარდა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გზა 2025 წლისთვის მაინც გაკეთდება“, - ამბობს ირმა დაუშვილი.
კურორტის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ 2024 წელს უკეთესი მოლოდინით ხვდებიან და სტუმრებს გარკვეულ სიახლეებსაც შესთავაზებენ: „ჩვენ კურორტის განვითარებას და ახალი ობიექტების დამატებას ვგეგმავთ. სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით გვინდა, გვექნება სიახლეები გამაჯანსაღებელი პროცედურების მიმართულებითაც“.