მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნუნისში წყლის ლიცენზიაზე საბოლოო შეთანხმება მიღწეულია“ - დაუშვილი

ნუნისი

სასტუმრო „ნუნისის“ დამფუძნებლის ირმა დაუშვილის თქმით, ბარნეოლოგიურ კურორტზე წყლის ლიცენზიის მოპოვებაზე შეთანხმება მიღწეულია და აუქციონი უახლოეს პერიოდში ჩატარდება, პროცედურები კი სავარაუდოდ 1,5-თვიან პერიოდში დასრულდება.

„საქმიანი დილის“ ეთერში დაუშვილმა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეწყერის გამო დაზიანებულია კურორტზე მისასვლელი ორივე გზა, რამაც სტუმრების მიღება მნიშვნელოვნად შეაფერხა.

„კურორტი ნუნისი რთულ ინფრასტრუქტურულ პირობებშია და ამას ახლა ლიცენზიის გაწელილი პროცედურები დაერთო, რომელზედაც საბოლოო შეთანხმება მიღწეულია და ალბათ მალე აუქციონი ჩატარდება. მონაწილეობას მივიღებთ და იმედია, ჩვენი წინადადება ყველაზე სახარბიელო იქნება, - ამ პროცესებს ალბათ 1,5 თვე სჭირდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, სეზონი მაინც არ შეგვიწყვეტია და ჯიუტად ვმუშაობდით, რომ დამსვენებლები მიგვეღო.

გზა ისედაც პრობლემური იყო და სულ 1 თვის წინ ის მეწყერმა კიდევ უფრო დააზიანა, საერთოდ ჩაიხერგა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები და იმედი მაქვს ერთ თვეში მოძრაობა სრულად აღდგება. ამას გარდა, როგორც იქნა იმ ნანატრ 28 კმ-იან გზაზე გამოცხადებულ ტენდერშიც კარგმა კომპანიამ გაიმარჯვა და ეს სამუშაოებიც დაიწყო, მაგრამ სამუშაოების გამო მისვლა 3-4 სთ ფერხდება. ასევე არსებობს გზა ხარაგაულიდან, მაგრამ ესეც მეწყერმა დააზიანა და ამაზეც მუშაობა მიდის. მესამე გზაა რკინიგზაა, თუმცა აქაც შეფერხებაა. შეიცვალა რკინიგზის ბაქანი და ამის მოწყობას თავისი დრო უნდა. მატარებელი იყო ჩვენი წყარო და ახლა ესეც აფერხებს გადაადგილებას. დიდი თხოვნა მაქვს რკინიგზის დეპარტამენტთან თუ მოგვისმენენ, რომ იქნებ დროულად დამთავრდეს ის სამუშაოები. 28კმ-იან გზაზე 2 წლიანი ვადაა და 2025-ში უნდა დასრულდეს, იმედია ჩაეტევიან, რკინიგზის რეკონსტრუქცია დიდი ხანია დაწყებულია, დასრულების ვადა არც არის მითითებული.

როცა ასეთი პრობლემებია, ინვესტიციებზე ძალიან მოზომილი ხარ. კურორტს ნამდვილად სჭირდება ახალი სიცოცხლე, მზად ვართ ამისთვის, მაგრამ ინფრასტრუქტურული პრობლემები სანამ არ აღმოიფხვრება ძალიან რთულია რამის გაკეთება. ეტაპობრივად ვფიქრობთ, რომ ინვესტიციას 5 წლის ვადაში დავყავით, პირველი 2 წელი მნიშვნელოვანია შევხედოთ გზის მშენებლობის ტემპი როგორი იქნება. ჩვენ თუ ვერ ჩავდივართ, ტექნიკის ჩაყვანა კიდევ უფრო რთული იქნება, ამიტომ ყველა შემთხვევაში მოგვიწევს დალოდება. ვგეგმავთ სასტუმრო ნომრების, ახალი სამედიცინო პროცედურების, სპა მიმართულებების და ასევე სარესტორნო სივრცის მოწყობას,“ - განაცხადა დაუშვილმა.

როგორც გასულ წელს ირმა დაუშვილი bmg-თან საუბრისას აცხადებდა, კურორტის განვითარების მიზნით 2024 წლიდან გეგმაში იყო 5 მლნ-იანი ინვესტიციის განხორციელება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები