საქართველოში ნუშის მწარმოებელ და ექსპორტიორ კომპანიებს ახალი რეგულაციების დანერგვა მოუწევთ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა „ნუშის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ (№618 დადგენილება), რომელიც ნუშის საექსპორტო ხარისხის კონტროლის მექანიზმებს ამკაცრებს, აფლატოქსინების პრევენციის სავალდებულო მოთხოვნები კი 2028 წლამდე უნდა გადავადდეს.
გარდა აფლატოქსინებისა, სხვა ყველა ნაწილში ახალი რეგულაციები უკვე ძალაშია და მიზნად ისახავს ქართული ნუშის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, მათ შორის ევროკავშირის ბაზრებზე მოთხოვნილი უვნებლობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვას.
განმარტებით ბარათში წერია, რომ პროექტი მომზადდა 2023 წლის სექტემბრის ბოლოს ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) მიერ ჩატარებული აუდიტის რეკომენდაციების გათვალისწინებით. რეკომენდაციების მიხედვით, ბიზნესოპერატორების კონტროლი უნდა უზრუნველყოს საექსპორტო თხილის, მათ შორის ნუშის, დამუშავებისა და შეფუთვის ჰიგიენური სტანდარტების დაცვით და საერთაშორისო კოდექსის CAC/RCP 59-2005 მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
რა იცვლება?
რეგლამენტით დგინდება, რომ ექსპორტისთვის განკუთვნილი ნუშის (გაუტეხავი, გული და ბლანშირებული) შესაბამისობის კონტროლი განხორციელდება როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მიერ, სახელმწიფო კონტროლის დროს, ასევე თავად ბიზნესოპერატორის მიერ, შიდა საწარმოო კონტროლის ფარგლებში.
აკრედიტებული ლაბორატორია: ბიზნესოპერატორი ვალდებულია, სეს-ის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით აღებული საექსპორტო ნიმუშის გამოკვლევა ჩაატაროს ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რაც დადგენილების მიხედვით, საექსპორტო დოკუმენტაციის სანდოობას მნიშვნელოვნად ზრდის.
შესაბამისობის დეკლარაცია: ექსპორტი განხორციელდება მხოლოდ სეს-ში წარდგენილი შესაბამისობის დეკლარაციისა და შიდა კონტროლის დამადასტურებელი დოკუმენტების (ლაბორატორიული გამოცდის ოქმების) საფუძველზე.
აფლატოქსინების პრევენციის სავალდებულო დანართი
-
რეგლამენტს დაემატა დეტალური დანართი №2, სათაურით „მოთხოვნები აფლატოქსინის პრევენციისა და შემცირებისადმი“. ეს დანართი მოიცავს მკაცრ მოთხოვნებს, დაწყებული პირველადი წარმოების (ბაღის მოვლა, პესტიციდების გამოყენება, მოსავლის აღების ტექნიკა) ეტაპიდან, დამთავრებული გადამუშავებისა და დასაწყობების პროცესებით.
ყველაზე მკაცრი მოთხოვნების ამოქმედება გადავადდა 2028 წლამდე:
იმის გამო, რომ აფლატოქსინების კონტროლის ორი ყველაზე კრიტიკული მოთხოვნა მნიშვნელოვან ინვესტიციასა და ტექნიკურ ცვლილებებს საჭიროებს, მთავრობამ ბიზნესს გარდამავალი პერიოდი მისცა:
-
ტენიანობის Aw მაჩვენებელი (არაუმეტეს 0.70): მოთხოვნა, რომელიც აფლატოქსინის წარმოქმნის მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს, 2028 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
-
ტემპერატურული რეჟიმი დასაწყობებისას (0°C-დან 10°C-მდე): საწყობებში დაბალი ტემპერატურის შენარჩუნების ვალდებულება ძალაში 2028 წლის 1 ივნისიდან შევა.
ამასთან, განმარტებითი ბარათის მიხედვით:
- პირველი მუხლი რეგლამენტში ასახავს, რომ დადგენილება არ ვრცელდება 30 კგ-მდე საექსპორტო ნუშზე, რომელიც არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისთვის;
- მე-8 მუხლში განმარტებულია ბიზნესოპერატორის ვალდებულებები, მათ შორის ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისად და შედეგების წარდგენა სურსათის ეროვნულ სააგენტოში;
- რეგლამენტში კონკრეტულად განისაზღვრა ნუშში აფლატოქსინის პრევენციისა და შემცირების წესები; (თუმცა რეგულაცია 2028 წელს ამოქმედდება)
პროექტის ავტორი და წარმდგენია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.




























