მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NutsGe: მაქსიმალური შემოსავლების მიღებისთვის თხილის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ

5fc4b84bcb6d4
ლიკა გურაბანიძე
30.11.20 22:00
1063

“ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენ მაქსიმალური შემოსავლები მივიღოთ, თხილის ხარისხის გაუმჯობესებაა,” - ამის შესახებ თხილის გადამამუშავებელი საწარმოს NutsGe-ს დირექტორმა მამუკა ბერიაშვილმა “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა.

ასევე, როგორც ბერიაშვილმა განაცხადა, დარგს საექსპორტო ფასებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

“ჩვენ მსოფლიო საექსპორტო ფასებს მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ და გაყიდვებსაც შესაბამისად ვახორციელებთ. ქართული თხილის საექსპორტო ფასის ზარალმა თურქულ ფასთან მიმართებით დაახლოებით 7 მლნ დოლარი შეადგინა. ექსპორტიორებს ამ მიმართულებით სამუშაო გვაქვს, რომ სხვაობა მინიმუმზე დავიყვანოთ და ამის შესაძლებლობას პრემიუმ ხარისხის ნედლეული მოგვცემს. ქართული თხილი მსოფლიო ბაზარზე მცირე წილს იკავებს და ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენ მაქსიმალური შემოსავლები მივიღოთ, ეს ხარისხის გაუმჯობესებაა. წელს საკმაოდ დიდი საქმეა შესრულებული - ფაროსანას პრობლემა პრაქტიკულად დაძლეულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოო გამარჯვებას.” - განაცხადა ბერიაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 10 848 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 57.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 993 ტონით (38%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18.4 მლნ აშშ დოლარით (48%) გაიზარდა. ამავე პერიოდში, თხილის საექსპორტო ფასი 7%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები