ნუცუბიძის I მიკრორაიონის N213-ის პირველი და მეორე კორპუსების დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„აღნიშნული ხიდები თავისი ვიზუალით, არქიტექტურული შინაარსით ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებთა შორის, არამედ ტურისტებშიც. ეს ნაგებობები იყო უმძიმეს მდგომარეობაში.
საბჭოთა კავშირის დროიდან მისი რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის მოვაწესრიგოთ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ხიდებზე არსებული დაზიანებული უბნები აღდგება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ახალი კიბე და შშმ პირებისთვის პანდუსები, ჩატარდება ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, ხიდებზე დამონტაჟდება ლითონის მოაჯირები, ასევე, გარე განათების ქსელი და ლამპიონები“, - განაცხადა
კახა კალაძემ.
ორი ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ, სამი კორპუსის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაციაზე ტენდერში გამარჯვებული შპს „იო-სება“ გახდა.
სამუშაოების შესრულების ვადა 4 თვე, საგარანტიო ვადა კი 3 წელია.
სამი თექვსმეტსართულიანი კორპუსი, რომლებიც სხვადასხვა სიმაღლეზეა აშენებული, ერთმანეთს ლითონის კონსტრუქციის საფეხმავლო ხიდით უკავშირდება.ხიდი ნუცუბიძის ქუჩას პირველი მიკრორაიონის ზედა პლატოსთან აკავშირებს. გადასასვლელი ხიდი პირველი კორპუსის მე-14 სართულზე იწყება, გადადის შემდეგი კორპუსის მე-12-ზე და საბოლოოდ უერთდება მესამე კორპუსის მე-10 სართულს საიდანაც შემდეგ ავტობუსის გაჩერებასთან, საავტომობილო გზას უერთდება.
შ.ნუცუბიძის I მ/რ კორპ. #213/1, კორპ. 213/2 და ნუცუბიძის I მ/რ. კორ. #3-ის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდები წარმოადგენენ 1974წ. აშენებული საცხოვრებელი კომპლექსის “შატილის” ნაწილს.