მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nvidia $5-ტრილიონიანი კომპანია გახდა

NVIDIA

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Nvidia მსოფლიოს ისტორიაში პირველი საჯარო კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $5-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ მან $4-ტრილიონიანი ზღვარი სულ რაღაც 3 თვის წინ, 9 ივლისს გადალახა და აღნიშნულ კლუბშიც პირველი შევიდა. შედარებისთვის, Microsoft-ი $4-ტრილიონიან ნიშნულს გუშინ გასცდა, Apple-ი კი სამეულს დღეს შეუერთდა.

ისტორიული, $5-ტრილიონიანი ზღვრის გადაკვეთასთან ერთად Nvidia გახდა მსოფლიოში პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი კომპანია, რომელმაც ასე მოკლე დროში შეძლო კაპიტალიზაციის $1 ტრილიონით გაზრდა. რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზებს, ამერიკული ტექ-გიგანტის ფენომენური შედეგი ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე გაზრდილ მოთხოვნასთან და კომპანიის მიერ სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი გაფორმებების დადებასთანაა დაკავშირებული. მაგალითისთვის, გუშინ ფარმაცევტული ინდუსტრიის მსხვილმა ამერიკულმა მოთამაშემ, Eli Lilly-მ დააანონსა, რომ Nvidia-სთან ერთად სუპერკომპიუტერს შექმნის, რომელიც პრობლემური დაავადებებისთვის ახალი რეცეპტების აღმოჩენაზე იქნება გათვლილი.

გასული 3 თვის განმავლობაში Nvidia-ს კაპიტალიზაციის ზრდას ასევე შეუწყო ხელი მსხვილი სამთავრობო შეკვეთების მიღებამაც. ჯენსენ ჰუანგის კომპანიის პოზიციების გაძლიერებას და ინვესტორების ნდობის გამყარებას ხელს უწყობს ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კეთილგანწყობაც, რომელიც ხვალ ჩინეთის ლიდერთან სავაჭრო შეთანხმების განხილვისას Nvidia-ს Blackwell-ის ჩიპებზეც ისაუბრებს და შეეცდება, ჩიპების მწარმოებელი ამერიკული გიგანტისთვის ჩინური ბაზარი ისევ გახსნას.

ცნობისთვის, ამჟამად Nvidia-ს კაპიტალიზაცია $5.1 ტრილიონს სცდება და ერთი აქციის ფასი $210 დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები