ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის სათავეებთან მდგარი ტექ-გიგანტის, Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კაცმა რომელმაც კომპანია დააფუძნა და 5-ტრილიონიან იმპერიად აქცია, თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი კი ჯენსენ ჰუანგის 2 სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობა გახდა.
მომხდარმა გავლენა არამხოლოდ თავად ჰუანგზე, არამედ მის შექმნილ ტექგიგანტზეც მოახდინა, რომლის კაპიტალიზაციას ბოლო კვირებში $3.9 მილიარდამდე შემცირდა. დამფუძნებლის გარეშე დარჩენილი Nvidia - ს მომავალსა და კომპანიაში ხელმძღვანელი პირის ვინაობაზე ანალიტიკოსებში გარკვეული პროგნოზები უკვე კეთდება.
ვინ იყო ჯენსენ ჰუანგი Nvidia-სთვის?
ჯენსენ ჰუანგი 63 წლის ტაივანური წარმოშობის ამერიკელი ინჟინერი და Nvidia-ს სულისჩამდგმელია. მან კომპანია ორ მეგობართან ერთად 1993 წლის აპრილში დააფუძნა. მასთან და მის ინჟინრულ გამოგონებებთან ასოცირდება არამარტო გრაფიკული ბარათების, არამედ იმ AI ჩიპების შექმნაც, რომლებზეც ChatGPT თუ Claude-ი იწვრთნება და უამრავ ადამიანს ყოველდღიურად ადგება. ის Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, პრეზიდენტი და მმართველთა საბჭოს წევრი იყო. ფლობდა აქციების 3.6%-ს და მის უმსხვილეს აქციონერადაც მიიჩნეოდა.
რა გახდა ჰუანგის გადადგომის მიზეზი?
როგორც უკვე ცნობილია, ჯენსენ ჰუანგი პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა და არ დაელოდა მმართველთა საბჭოს მიერ მისი საკითხის გადაწყვეტას. აღსანიშნავია, რომ მან აბსოლუტურად ყველა თანამდებობაზე თქვა უარი. ამის წინაპირობა კი 2 სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობა იყო.
საუბარია შემთხვევებზე, რომლებიც სხვადასხვა მხრივ აღმოჩნდა პრობლემური. ერთ შემთხვევაში ჰუანგმა მეუღლეს ჩინელ ჯაშუშთან, Megaspeed-ის, Nvidia-ს ჩიპების ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველის ტოპ მენეჯერთან - ელის ჰუანგთან უღალატა, მეორე შემთხვევაში კი - საკუთარი კომპანიის ჯანმრთელობის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტთან, კიმბერლი პაუელთან.
პირველ ურთიერთობაში პრობლემა იყოს ის, რომ ჩინეთის ჯაშუშს შესაძლოა ჰუანგისგან კრიტიკულად მნიშვნელოვანი მონაცემები მოეპარა ან მასზე გავლენა მოეხდინა და როგორც კომპანიის, ისე ამერიკის ინტერესები დაეზარალებინა. მეორე შემთხვევაში კი გამოწვევას ის ქმნიდა, რომ ჰუანგმა შინაგანაწესი დაარღვია და საკუთარ თანამშრომელთან დაამყარა რომანი.
როგორ წარიმართება მოვლენები უახლოეს მომავალში?
განსაკუთრებით აღსანიშნი ფაქტია, რომ ჰუანგის გადადგომით არც Nvidia-სთვის და არც თავად მისთვის პროცესები არ მთავრდება. პირიქით - იწყება. კონგრესში, სადაც ჰაუნგის მიმართ განწყობები უარესდება, რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა - ბრაიან მასტმა, ჯონ მულენაარმა და რიკ კროუფორდმა ყოფილი ტექ-ლიდერი დახურულ მოსმენაზე დაიბარეს, სადაც უნდა გაირკვეს, ხომ არ გადადგა აღმასრულებელი დირექტორობის პერიოდში მან შტატების უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური ინტერესებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯები.
რაც შეეხება თავად Nvidia-ს, მას წინ რთული პერიოდი ელის. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჯენსენ ჰუანგმა კომპანიაში მართვის უნიკალური და, ამავდროულად, უკიდურესად სარისკო მოდელი შექმნა. მას უშუალოდ ექვემდებარებოდა 60 ტოპ-მენეჯერი. ადამიანები, რომლებიც თავად შეარჩია და დანიშნა. კომპანიას არ ჰყავდა ეგრეთ წოდებული მეორე პირიც. ჰუანგი წლების განმავლობაში ღიად აცხადებდა, რომ მემკვიდრის მომზადებას არც კი განიხილავდა.
როგორი რეაქცია ჰქონდა ბირჟას ჰუანგის გარშემო ატეხილ სკანდალზე?
დამფუძნებელი ხელმძღვანელის სტატუსის მქონე ჰუანგის გადადგომამ და წინა დღეებში მის გარშემო დატრიალებულმა მოვლენებმა Nvidia-ზე მძიმე გავლენა იქონია. პარასკევიდან დღემდე Nvidia-ს საბაზრო ღირებულებიდან უკვე $1 ტრილიონზე მეტი გაქრა და ერთ დროს თითქმის 6-ტრილიონიან კომპანიას Apple-მა და Microsoft-მა გადაუსწრეს. მისი კაპიტალიზაცია ბოლო მონაცემებით $3.9 ტრილიონამდეა ჩამოსული.
Bernstein Research-ის წამყვანმა ანალიტიკოსმა, სტეისი რასგონმა Nvidia-ს აქციების სამიზნე ფასი პირდაპირ გაანახევრა და განაცხადა, რომ ჰუანგის, როგორც დამფუძნებელი დირექტორის წასვლამ შეიძლება ტექ-გიგანტს პერმანენტულად დააკარგვინოს კაპიტალიზაციის 25%.
ვინ შეცვლის ჯენსენ ჰუანგს?
იმის გათვალისწინებით რომ ჰუანგის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც უკვე საბოლოოა და ის ვერც სტივ ჯობსივით და ვერც ჯეფ ბეზოსივით კომპანიაში მობრუნებას ვეღარ შეძლებს, ჩნდება კითხვა - ვის ხელში გადავა კომპანია და რა ბედი ეწევა მას ჰუანგის გარეშე?
რაც ამჟამად არის ცნობილი, ის არის, რომ კრიზისულ პერიოდში Nvidia-ს ფინანსური დირექტორი და ვიცე-პრეზიდენტი, კოლეტ კრისი გაუძღვება. ის ინვესტორებისთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი სახეა, რადგან ჯერ კიდევ 2013 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ამ პოზიციაზეა და ფინანსური შედეგების წარდგენასა თუ სხვა საპასუხისმგებლო საქმიანობებში მუდმივად მონაწილეობდა.
რაც შეეხება კრიზისის შემდგომ პერიოდს, ამჟამად მედიის ყურადღების ცენტრში კრისის გარდა არიან Nvidia-ს თანადამფუძნებლები - კრის მალაჩოვსკი ან იან ბაკი - ადამიანი, რომელმაც CUDA-ს ეკოსისტემა შექმნა და მაღალი წარმადობის გამოთვლების ბიზნესი გადაიბარა. კომპანიაში AI გარდაქმნები, გარკვეულწილად, სწორედ მას მიეწერება.
გარე კანდიდატებს შორის კი სახელდებიან ბრიტანული ჩიპების გიგანტის, Arm-ის ხელმძღვანელი რენე ჰაასი, რომელიც წარსულში 7 წელი თავად მუშაობდა Nvidia-ში. ასევე Apple-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი, რომელსაც მხარდაჭერა ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმაც კი გამოუცხადა.
როგორც დასავლური მედია წერს, 12 ნოემბერი კორპორაციულ ისტორიაში მაინც აუცილებლად ჩაიწერება, რადგან Nvidia დატოვა ადამიანმა, რომელთანაც სწორედ ეს სახელი, ეს ბრენდი და მთელი მისი ისტორია ასოცირდებოდა.
უცნობია, როგორ გააგრძელებს ცხოვრებასა და საქმიანობას 63 წლის აწ უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, თუმცა აშკარაა, რომ Nvidia-ში მისი ამბავი დასრულდა.
თუ ოდესმე ის მაღალ თანამდებობაზე დაბრუნებას მოინდომებს, ილონ მასკს მისთვის უკვე აქვს გამზადებული თანამდებობა და ამის მზაობა სოც-ქსელშიც დაადასტურა. თუმცა ვიდრე ამ შესაძლო დაახლოებაზე სპეკულაციები იტრიალებს, იქამდე ჰუანგს Nvidia-სთან და პოტენციურად, მეუღლე ლორი ჰუანგთან დაშორება მოუწევს. ეს კი კომპანიის ხელმძღვანელს შეიძლება $81 მილიარდი დოლარი დაუჯდეს.
























