ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს დამოუკიდებელმა დირექტორებმა კომპანიის ხელმძღვანელის, ჯენსენ ჰუანგის გარშემო დაწყებული შიდა გამოძიების ხელმძღვანელად ნიუ-იორკული იურიდიული ფირმა Wachtell, Lipton, Rosen & Katz-ი დაიქირავეს.
კომპანიის განცხადებით, იურიდიული ფირმა ტექნოლოგიური გიგანტის წინააღმდეგ უცხო ქვეყნის მხრიდან შესაძლო ჯაშუშობის მცდელობას შეისწავლის.
ინფორმაციისთვის, საბჭომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ჰუანგმა სინგაპურულ კომპანია Megaspeed-ის ხელმძღვანელთან, ელის ჰუანგთან ინტიმური ურთიერთობა აღიარა. აშშ-ის სადაზვერვო უწყებები კი ამ უკანასკნელს ჩინეთის სპეცსამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ.
აღსანიშნი ფაქტია, რომ გამოძიებას Wachtell-ის პარტნიორი, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ყოფილი ფედერალური პროკურორი ჯუნ კიმი უხელმძღვანელებს. იურიდიულ ფირმასთან ერთად პროცესს Nvidia-ს დამოუკიდებელ დირექტორთა სპეციალური კომიტეტიც გააკონტროლებს.
Nvidia-ს განცხადებით, კორპორაციული საიდუმლოების ან ეროვნული უსაფრთხოების დარღვევის ნიშნები ამ ეტაპზე არ იკვეთება, თუმცა გამოძიება ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას დეტალურად შეამოწმებს.
იურიდიული ფირმა Katten-ის პარტნიორის, გილ სოფერის შეფასებით, თუ მოკვლევა მხოლოდ პირად ურთიერთობას დაადასტურებს, საბჭო შესაძლოა მსუბუქი დისციპლინური ზომებით შემოიფარგლოს. თუმცა სერიოზული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დირექტორთა საბჭომ შესაძლოა ჰუანგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს.
ცნობისთვის, ნიუ-იორკული Wachtell, Lipton, Rosen & Katz-ი დაახლოებით 300 იურისტს აერთიანებს და მსხვილი საჯარო კომპანიების შიდა გამოძიებების მიმართულებით მუშაობს.
























