Nvidia ხელოვნური ინტელექტის მოდელების განვითარების ისტორიაში ყველაზე დიდ ფსონს ჩამოვიდა. გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ჩიპების გიგანტმა ე.წ. open-weight AI მოდელების შექმნაში $26 მილიარდის ინვესტირების გეგმა გაასაჯაროვა.
"ეს არის უდიდესი სტრატეგიული ცვლილება, რომელიც GPU-ების მეფეს პირდაპირ კონკურენციაში აქცევს OpenAI-სთან, Anthropic-თან და DeepSeek-თან - კომპანიებთან, რომლებიც აქამდე Nvidia-ს ყველაზე დიდი მომხმარებლები იყვნენ", - წერს techbuzz.ai.
ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია პირველად Wired-მა გაავრცელა. თავად ფაქტი კი კომპანიის სტრატეგიულ ცვლილებაზე მიუთითებს მას შემდეგ, რაც Nvidia-მ ოთხი წლის წინ მთელი ფოკუსი AI ჩიპებზე გადაიტანა.
შედარებისთვის: ეს ინვესტიცია იმაზე მეტია, ვიდრე Meta-მ გასულ წელს თავისი Reality Labs განყოფილებაზე დახარჯა. ასევე ის დაახლოებით Anthropic-ის ამჟამინდელი საბაზრო ღირებულების ტოლია.
"ეს ფუნდამენტურად ცვლის კონკურენტულ ლანდშაფტს. არ შეგიძლია ერთდროულად AI ინფრასტრუქტურის შვეიცარიაც (ნეიტრალური მხარე) იყო და პირდაპირი კონკურენტიც", - განუცხადა Wired-ს AI კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ანონიმურობის პირობით.
ე.წ. "ღია წონის" მოდელებზე ფსონის დადება - სადაც მოდელის პარამეტრები საჯაროდ ქვეყნდება, თუმცა არა აუცილებლად ღია კოდის (open-source) ლიცენზიით - გათვლილ ოქროს შუალედს წარმოადგენს. ამით Nvidia უპირისპირდება OpenAI-სა და Anthropic-ის დახურულ მიდგომებს, ამავდროულად კი, გამოირჩევა სრულად ღია კოდის მქონე პროექტებისგან, როგორიცაა Meta-ს Llama სერია.
გამოყოფილი $26 მილიარდი მოხმარდება მოდელების შემუშავებას, გამოთვლით ინფრასტრუქტურას, მკვლევრების დაქირავებასა და იმას, რასაც დოკუმენტებში "ეკოსისტემის განვითარება" ეწოდება - რაც, სავარაუდოდ, პარტნიორობებსა და პოტენციურ შესყიდვებს გულისხმობს.
თუმცა ეს სტრატეგია უზარმაზარ რისკებსაც შეიცავს. Microsoft, Amazon და Google - Nvidia-ს სამი უმსხვილესი ქლაუდ-მომხმარებელი - კონკურენტი მოდელების ინვესტორები არიან. ისინი ასევე ავითარებენ საკუთარ AI ჩიპებს, რათა შეამცირონ დამოკიდებულება Nvidia-ს აპარატურულ უზრუნველყოფაზე. ამ ნაბიჯმა შესაძლოა, მათი ეს ძალისხმევა კიდევ უფრო დააჩქაროს.
ინდუსტრიის დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ Nvidia-ს ვერტიკალური ინტეგრაცია Apple-ის ტაქტიკას ჰგავს: აკონტროლე აპარატურა, მოახდინე პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაცია, იბატონე ეკოსისტემაზე. განსხვავება ისაა, რომ Apple თავის მოწყობილობებზე სერვისებს ეტაპობრივად აშენებდა. Nvidia კი ფრონტალურ იერიშს იწყებს იმ მომხმარებლებზე, რომლებსაც კომპანიისთვის მილიარდობით დოლარის წლიური შემოსავალი მოაქვთ.
ფინანსური ანალიტიკოსები უკვე ამუშავებენ სხვადასხვა სცენარს. თუკი Nvidia საბაზისო მოდელების ბაზრის 10%-ს მაინც დაიკავებს და ამავე დროს შეინარჩუნებს დომინირებას აპარატურულ ნაწილში, ამან სამ წელიწადში მის წლიურ შემოსავალს, შესაძლოა, 50 მილიარდი დოლარი შემატოს. მაგრამ თუ ეს ნაბიჯი მომხმარებლებს საკუთარი ჩიპების შექმნისკენ უბიძგებს, შედეგი შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს.
კომპანიას არ დაუკონკრეტებია, თუ რა მოდელების არქიტექტურაზე იქნება ფოკუსირებული ან როგორია გამოსვლის ვადები. დოკუმენტები მიუთითებს, რომ ხარჯები 18-24 თვის განმავლობაში გაიზრდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ პირველი მოდელები 2026 წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში გამოვა.




























