მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nvidia მოითხოვს, ჩინურმა კომპანიებმა H200 ჩიპების შეძენისთვის თანხა წინსწრებით გადაიხადონ

nvidia

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Nvidia-მ დააანონსა, რომ ის H200 ტიპის ჩიპების შეძენით დაინტერესებულ ყველა ჩინურ კომპანიას შესყიდვისთვის საჭირო თანხის წინსწრებით და სრულად გადახდას დაავალდებულებს. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის დადებულ დოკუმენტში გაწერილი იქნება ისიც, რომ Nvidia თანხას უკან აღარ დააბრუნებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ ნაბიჯით მათ ოფიციალური პეკინის მიერ პოლიტიკის მოულოდნელი ცვლილებისაგან თავის დაზღვევა სურთ. ცნობისთვის, ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა Nvidia-სგან 2 მილიონი ჩიპის შეძენის სურვილი გამოთქვეს, რაც კომპანიაში არსებულ მარაგებს, სულ მცირე, ორჯერ აღემატება. ტექ-გიგანტის წარმომადგენლების თქმით, ჩინეთში არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მათ ტაივანური TSMC-ისთვის 1,300,000 დამატებითი ნახევარგამტარის შეკვეთა მოუწევთ და თუ ოფიციალური პეკინი ამ დროს პოზიციას შეცვლის, Nvidia წაგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ამერიკული კომპანიისთვის დამატებითი საფრთხე მას შემდეგ შეიქმნა, რაც ჩინეთის სახელმწიფო მარეგულირებელმა კომპანიების ნაწილს ურჩია, Nvidia-ს ჩიპების შეძენასთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე თავი შეეკავებინათ შესყიდვების განხორციელებისაგან. ცნობისთვის, H200 ტიპის ჩიპები, რომელსაც ჩინური კომპანიები, მათ შორის Alibaba და ByteDance-ი იყენებენ, ამჟამად ქვეყანაში დაბლოკილ H20 ჩიპებზე 6-ჯერ უფრო სწრაფია და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების განვითარებისთვის გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ ვიდრე ჩინური კომპანიები ოფიციალურ პეკინსა და ვაშინგტონს შორის არსებული ეკონომიკური და პოლიტიკუი დავის გამო H200 ტიპის ჩიპებს ვერ იღებენ, ამერიკული კომპანიები აქტიურად იყენებენ შემდეგი თაობის, Blackwell-ის ჩიპებს. 2026 წლის დასაწყისში, ლას ვეგასში მიმდინარე სამომხმარებლო ელექტრონაწარმის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას კი Nvidia-ს ხელმძღვანელმა, ჯენსენ ჰუანგმა დააანონსა, რომ კომპანიამ უკვე აქტიურად დაიწყო Blackwell-ის შემდეგი თაობის ჩიპის, Ruben-ის წარმოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები