მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია, Nvidia ხელოვნური ინტელექტის უმსხვილეს სტარტაპ OpenAI-ში დამატებით $20 მილიარდის ინვესტირებისთვის ემზადება.
როგორც ამერიკული მედია წერს, დაფინანსების ახალი რაუნდის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია, რის შემდეგაც ChatGPT-ს შემქმნელი სტარტაპის შეფასება $830 მილიარდამდე გაიზრდება.
როგორც Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი აცხადებს, ეს ნაბიჯი გაგრძელებაა იმ დაპირების, რასაც ტექ-გიგანტის მიერ OpenAI-ში $100 მილიარდის ინვესტირება ჰქვია. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯესნენ ჰუანგის კომპანიამ სემ ოლტმენის სტარტაპში $100 მილიარდის ჩადება გადაიფიქრა. ამ გადაწყვეტილებით კი ჰუანგის მიზანი იყო, დაერწმუნებინა უოლ-სტრიტი თავისი დაპირების ერთგულებაში.
აღსანიშნავია, რომ დაფინანსების ბოლო რაუნდის ფარგლებში OpenAI-მ $100 მილიარდის მოზიდვა უკვე შეძლო. კერძოდ, მან $30 მილიარდიანი ინვესტიცია იაპონური ფინანსური გიგანტის, SoftBank-ისაგან მიიღო, ჯეფ ბეზოსის კომპანია Amazon-მა კი სტარტაპში $50 მილიარდი ჩადო. ცნობისთვის, როგორც Nvidia-მ, ისე დანარჩენმა კომპანიებმა OpenAI-ში თანხები შესაბამისი წილის სანაცვლოდ განათავსეს. წილის, რომელიც მომავალ წელს საფონდო ბირჟაზე გასვლის შემდეგ სერიოზულ სარგებელს მოუტანს კომპანიის ყველა კერძო თანამფლობელს.
თავის მხრივ, ფაქტი, რომ სემ ოლტმენის სტარტაპმა დაფინანსების ამ რაუნდის ფარგლებში $100 მილიარდის მოზიდვა შეძლო ანალიტიკოსებს უჩენს განცდას, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს ChatGPT-სა და OpenAI-ს სხვა პროდუქტების განვითარების მიმართ იმედები კვლავ აქვთ. შეგახსენებთ, გასულ წელს Google-ის მიერ AI ასისტენტ Gemini 3-ის გამოშვებამ ChatGPT-ის მოთხოვნადობაზე უარყოფითად იმოქმედა, რადგან კონკურენტმა პროდუქტმა როგორც ტესტირების პროცესში, ისე რეალურ გარემოში გაცილებით უკეთესი შედეგები აჩვენა. ამან ბევრ ექსპერტს გაუჩინა განცდა, რომ სემ ოლტმენის სტარტაპი AI-ს რბოლას ჩამორჩა. სავარაუდოა, რომ დაფინანსების ახალი რაუნდიდან მიღებულ თანხებს OpenAI ChatGPT-ს ახალი მოდელის განვითარებას მოახმარს, რაც პროდუქტს Gemini 3-ის კონკურენტად აქცევს.




























