Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის ბუმის დასრულებამდე ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. ის ვარაუდობს, რომ 2030 წლამდე სექტორის გიგანტები AI ინფრასტრუქტურის განვითარებაზე $3-დან $4-მდე ტრილიონს დახარჯავენ. ამასთან, ჯენსენ ჰუანგის აზრით, ინვესტორების შიში ჩიპებზე მოთხოვნის შემცირებასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია.
Nvidia-ს CEO აქცენტს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისადმი მსოფლიო დაინტერესებაზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ როგორც არ უნდა წარიმართოს გეოპოლიტიკური ვითარება, ჩიპებზე მოთხოვნა მაინც გაიზრდება.
ჯენსენ ჰუანგს ინვესტორების დამშვიდება მას შემდეგ მოუწია, რაც ტექ-გიგანტმა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. Nvidia-ს მსხვილი აქციონერები შიშობენ, რომ ჩინეთსა და ამერიკას შორის არსებული დაპირისპირება კომპანიის შემოსავლებზე მომავალში კიდევ უფრო მეტად აისახება. როგორც ცნობილია, მრავალი წლის განმავლობაში, Nvidia ჩინური ტექ-კომპანიებისთვის ჩიპების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი იყო, ბოლო კვირებში დაპირისპირების გამო კი, მე-2 კვარტალში აზიის უმსხვილეს ბაზარზე H20 ტიპის ჩიპების გაყიდვა ვეღარ მოახერხა.




























