Nvidia-ს ფინანსურმა დირექტორმა კოლეტ კრესმა სამომხმარებლო ელექტრონაწარმის უდიდეს გამოფენაზე (CES)-ზე დამსწრე ანალიტიკოსებს უთხრა, რომ კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ჩიპ H200-ზე მოთხოვნა ჩინეთში ძალიან მაღალია და ამას მოწმობს ის განაცხადები, რომლებიც კომპანიას ჩინელი მომხმარებლებისაგან უკვე შეუვიდა. კრესმა განმარტა, რომ ახლა მთავარი გამოწვევა საბოლოო დასტურის ამერიკის მთავრობისაგან მიღება იქნება.
H200 ტიპის ჩიპების მიმართ განსაკუთრებით გაზრდილ ინტერესზე ყურადღება გაამახვილა Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმაც, რომელმაც თქვა, რომ ჩინური კომპანიებისთვის ეს პროდუქტი კომერციულად მნიშვნელოვანია. ჰუანგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Nvidia-ს ჩინელი მომხმარებლების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისი მარაგები უკვე აქვს, შესაბამისად, ჩინურ ბაზარზე დაბრუნება საერთაშორისო მიწოდებაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
შეგახსენებთ, Nvidia-ს ერთ-ერთი წამყვანი, თუმცა არა საუკეთესო ჩიპის, H200-ის შეძენის სურვილს ჩინური ტექ-გიგანტები აქტიურად გამოთქვამენ, თუმცა შესყიდვების განხორციელებას ხელს ჩინეთისა და ამერიკის ხელისუფლებებს შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირება ართულებს.
ოფიციალურმა პეკინმა H20 ჩიპების სამთავრობო უწყებებისთვის და კერძო კომპანიებისთვის გამოყენება უკვე შეზღუდა და ერთ-ერთ მიზეზად ამერიკაზე სტრატეგიული დამოკიდებულის გაჩენის საფრთხე დაასახელა. სავაჭრო დავის ფონზე, Nvidia-ს ჩიპების მიყიდვა ამერიკულმა მხარემაც შეზღუდა, თუმცა წლის ბოლოს ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ამერიკა მიდგომას შეარბილებდა.



























