ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტმა, Nvidia-მ 2025 წლის IV კვარტალის შედეგები გაასაჯაროვა და განვლილი წელი შეაჯამა.
კომპანიის საერთო შემოსავალმა ფისკალური წლის ბოლო 3 თვეში რეკორდული, 68.13 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73%-იანი ზრდაა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Nvidia-მ ანალიტიკოსების მოლოდინებს $1.92 მილიარდით გადააჭარბა. ჯამურად, ფისკალურ 2025 წელს Nvidia-მ $215,9 მილიარდის შემოსავალი მიიღო და 65%-იანი ზრდა დააფიქსირა. თითქმის გაორმაგდა კომპანიის წმინდა მოგებაც. თუ 2024 წლის ბოლო კვარტალში ეს მაჩვენებელი $22.1 მილიარდს არ სცდებოდა, წელს ის $43 მილიარდამდე გაიზარდა.
რაც შეეხება ინვესტორებზე გასაცემი დივიდენდების მოცულობას, მან თითო აქციაზე $1.62 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ტექ-გიგანტმა უოლ-სტრიტის ექსპერტების მოლოდინებს ამ მხრივაც გადააჭარბა. ისინი მოელოდნენ, რომ დივიდენდების მოცულობა აქცია $1.53 დოლარი იქნებოდა. როგორ ირკვევა, გამორჩეული ფინანსური შედეგების მთავარი განმაპირობებელი კვლავ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის სწრაფი განვითარება და მისთვის საჭირო AI ჩიპებზე არსებული უპრეცედენტო მოთხოვნაა.
ბოლო კვარტალში კომპანიას ყველაზე დიდი მოგება მონაცემთა ცენტრების მიმართულებამ მოუტანა, საიდანაც შემოსავალმა $62.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ირკვევა, ამ სეგმენტს ახლა კომპანიის გაყიდვების 91%-ზე მეტი უკავია და მოიცავს იმ მძლავრ AI ჩიპებს, რომლებსაც თითქმის ყველა ტექნოლოგიური გიგანტი სწორედ Nvidia-საგან ყიდულობს. მეორე მხრივ, 13%-იანი კვარტალური ვარდნა განიცადა გეიმინგის სექტორმა, ვინაიდან ჩიპების მწარმოებლები AI პროცესორების შექმნას ანიჭებენ უპირატესობას.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას სამომავლოდაც საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები აქვს. მომდევნო კვარტალში ხელმძღვანელობა შემოსავლის $78 მილიარდ დოლარამდე ზრდას ვარაუდობს. თუმცა, Nvidia-ს მენეჯმენტი ინვესტორებს აფრთხილებს, რომ მეხსიერების ბარათების დეფიციტმა პრობლემები შესაძლოა მასაც შეუქმნას. გამორჩეული ფინანსური შედეგებისა და სამომავლო პროგნოზების ფონზე, გახანგრძლივებულ სავაჭრო სესიაზე კომპანიის აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბაზარზე არსებული კონკურენციისა და მიწოდების გამოწვევების მიუხედავად, ტექნოლოგიური გიგანტი ინვესტორების ნდობას კვლავ მყარად ინარჩუნებს. ამჟამად, კომპანიის კაპიტალიზაცია $4.8 ტრილიონ დოლარს შეადგენს, ერთი აქცია კი $195,6 დოლარად ივაჭრება.




























