Financial Times-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ჩინელი ბიზნესმენი ელის ჰუანგი, რომელსაც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს ყოფილ აღმასრულებელ დირექტორთან, ჯენსენ ჰუანგთან რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა, დაკავშირებული იყო იმ ქსელთან, რომელსაც ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი ჩიპები ჩინეთში არალეგალურად შეჰქონდა.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულ სქემაში ჩართული იყო სავარაუდო კამბოჯური კრიმინალური დაჯგუფებაც. კომპანია Megaspeed-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ელის ჰუანგი ამჟამად აშშ-ის საგამოძიებო უწყებების ყურადღების ცენტრშია. ამერიკელები არკვევენ, მონაწილეობდა თუ არა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში Nvidia-ს უმსხვილესი კლიენტი ჩიპების იატაკქვეშა ვაჭრობაში. ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი ეჭვობს, რომ ელის ჰუანგი ჩინეთის ჯაშუშიც კი იყო, რასაც პეკინში ცილისწამებას უწოდებენ.
FT-ის გამოძიებამ, რომელიც ათზე მეტ ინფორმირებულ წყაროსა და ასობით კორპორაციულ დოკუმენტს ეყრდნობა, გამოავლინა Nvidia-სა და ჩინელ მომხმარებლებს შორის მოქმედი კომპანიების ფართო ქსელი. მასში შედიოდნენ „ქლაუდ“ სერვისების პროვაიდერები, ონლაინ თამაშების მაგნატები, კამბოჯელი კონტრაბანდისტები და ასობით ფიქტიური (ე.წ. shell) კომპანია. ამ გაერთიანებებმა აშშ-ის საექსპორტო შეზღუდვების გვერდის ავლით Nvidia-ს ჩიპების ჩინეთში გადატანით მილიარდობით დოლარის მოგება ნახეს.
Financial Times-ის მიხედვით, ჩინეთში თანამედროვე ჩიპების შესატანად სამი მთავარი რგოლი იყო საჭირო: კომპანია, რომელსაც პროცესორების შეძენის უფლება ჰქონდა; კლიენტი, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ არ ექცეოდა; და იატაკქვეშა ქსელი, რომელიც ჩიპებს ჩინეთში შეიტანდა, ფულს კი ქვეყნიდან გაიტანდა.
Nvidia-ს პრესსპიკერმა FT-ს განუცხადა, რომ კომპანიამ Megaspeed-ი და მისი შვილობილი სტრუქტურა შავ სიაში 2025 წელს შეიყვანა.
„ჩვენ მათ პროდუქციას აღარ ვყიდით და თუ ჩვენი რომელიმე პარტნიორი დაგეგმილ გადაზიდვაში ამ კომპანიას მიუთითებს, გაყიდვაზე თანხმობას არ გავცემთ“, - აცხადებენ კომპანიაში და დასძენენ, რომ გაყიდვები ასევე შეუზღუდეს კომპანია Aivres-საც.
თავად ელის ჰუანგმა და მისმა მეუღლემ, კანგ ვეიმ (რომელიც ასევე იყო ჩართული აღნიშნულ საინვესტიციო პროექტებში) გამოცემის კითხვებს არ უპასუხეს. Megaspeed-ში კი წარსულში განაცხადეს, რომ ისინი „ლეგიტიმურ და კანონიერ ბიზნესს აწარმოებენ“. Prince Group-ის წარმომადგენელმა უარყო ჰუ სიაოვეისთან კავშირი და აშშ-ის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.
ექსპერტების შეფასებით, ვაშინგტონის მიერ დაწესებულმა საექსპორტო კონტროლმა, რომლის მიზანიც ხელოვნური ინტელექტის რბოლაში ჩინეთის შეფერხებაა, ჩიპების კონტრაბანდის მილიარდიანი შავი ბაზარი წარმოშვა, რომელიც თავისი სტრუქტურით ნარკოტიკებით ან იარაღით უკანონო ვაჭრობისგან არაფრით განსხვავდება.
























