ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ 1-ელი ივლისიდან დღით ადრე და დღიური ბაზრები ამოქმედდება, სადაც ელექტროენერგიით ვაჭრობა ნებაყოფლობითი იქნება.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრმა ენერგეტიკულ ბირჟაზე უპასუხა კითხვებს და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურები და იმპორტირებული ელექტროენერგია არ შევა. მისი განმარტებით, 2025 წლამდე მოხდება დაკვირვება ვაჭრობაზე, რათა სრულყოფილი გახსნა უმტკივნეულო იყოს.
ლევან დავითაშვილის თქმით, ენერგეტიკული ბირჟის გახსნის 6-ჯერ გადავადებას ობიექტური მიზეზები აქვს.
“არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ბოლო წლების განმავლობაში იყო გარკვეული პროგრესი, იცით, რომ ჩავერთეთ ე.წ. სიმულაციის რეჟიმში ვაჭრობის კუთხით, დაიწყო მომზადება, როგორც მიმწოდებლების, ისე მომხმარებლების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. ანუ უამრავი სამუშაო იყო გაწეული იმისთვის, რომ ჩვენ ბაზარი გავხსნათ. ბაზრის გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გადავადებულა, ჩემს პირობებშიც მოხდა ეს ორჯერ და მესამედ ნაწილობრივ, ამას აქვს ობიექტური მიზეზები. ათწლეულები დასჭირდათ ქვეყნებს ასეთ რეჟიმზე გადასასვლელად და ბუნებრივია, ეს არის ყველაზე კომპლექსური რამ, რაც შეიძლება ენერგეტიკის სექტორში იყოს და ეს არ არის მხოლოდ ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებით, ენერგეტიკის სექტორში შეიძლება ყველაზე მარტივი იყოს დერეგულირება, მაგრამ ძალიან მჭიდროდაა კავშირში მთელ რიგ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებთან, მათ შორის მეტალურგიასთან, მსხვილ ენერგომომხმარებლებთან და ა.შ.
აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მათ შორის რიგით საოჯახო მეურნეობებთან დაკავშირებითაც, აქ შეიძლება გარკვეული გამოწვევები ყოფილიყო ფასების ზრდასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე არ იქნება სათანადო კომპეტენციები ბაზრის მონაწილეებს შორის. იცით, რომ ეს წარმოშობს გარკვეულ პასუხისმგებლობებს უბალანსობასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი პასუხისმგებლობა საბოლოოდ ფასში აისახება. შესაბამისად, ჩვენ ვართ ფრთხილი და პასუხისმგებლიანი ამ გადაწყვეტილებების მიღებაში და ამავე დროს, გვაქვს საერთაშორისოდ გაცხადებული ვალდებულება ბაზრის გახსნასთან, ბირჟის ამოქმედებასთან და სექტორის დერეგულირებასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე ჩვენ ეტაპობრივად ვიწყებთ ამ ბირჟის ამოქმედებას. 2024 წლის 1-ელი ივლისიდან დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედება მოხდება, თუმცა ეს მოხდება ნებაყოფლობით რეჟიმში და ელექტროენერგიის ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები ამ ეტაპზე იქნება ნებაყოფლობითი. 2025 წლის ივლისამდე გადაიდო სრულფასოვანი ამოქმედება, 1 წლის განმავლობაში დავაკვირდებით ბირჟაზე ოპერაციებს”, - თქვა ლევან დავითაშვილმა.
მთავრობამ „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები დღეს მიიღო.