რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის პროექტს საქართველოში ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, სამხედრო ბაზის აშენება უკანონო და მიუღებელია.
"ევროკავშირის პოზიცია ძალიან ნათელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პასუხის გაცემა იმაზე, რაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის პროექტი სრულიად უკანონო და მიუღებელია", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის მშენებლობაზე განცხადება დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გასულ თვეში გააკეთა. მისი თქმით, "აფხაზეთსა და რუსეთს შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა".