"ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის განთავსება აფხაზეთს სარგებელს არ მოუტანს", - ამის შესახებ აფხაზმა ჟურნალისტმა, როინ აგირბამ განაცხადა. მისი თქმით, ბაზის განთავსება რუსეთ-უკრაინის ომში აფხაზეთის ჩათრევას გამოიწვევს.
„მიწის გაქირავებიდან შემოსავალიც კი არ იქნება, თანხის გადახდა იქნება სიმბოლური რუბლი
წელიწადში. უსაფრთხოების თვალსაზრისითაც არ არის უპირატესობები - საქართველოს ისედაც არ აქვს რესურსები რევანშისტული ქმედებებისთვის. არის უარყოფითი მხარეები - შეიძლება ომმა ჩვენამდე მოაღწიოს. უკრაინულ დრონებს შეუძლიათ, ოჩამჩირემდე მოაღწიონ" - განაცხადა „კავკასიური კვანძის“ კორესპონდენტმა, როინ აგირბამ.
ინფორმაციისთვის, რუსეთი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის მოწყობას აპირებს. ინფორმაცია დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც ასლან ბჟანიამ თქვა, რუსეთის საზღვაო ძალებისთვის მუდმივი ბაზა ოჩამჩირეში შეიქმნება.