აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ჯეი კლეიტონის განცხადებით, გასულ კვირას ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სამიტის კონტექსტში, დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიება სრულიად მართებული იყო, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი „უკრაინაში ამერიკის მეგობარი არ არის“. ამის შესახებ მან კვირას, ტელეკომპანია ABC-ის გადაცემა „This Week“-ში ისაუბრა.
„ის საუბარი, ის ფოტო, ისტორიული ფოტო, შედგა იმ კონტექსტში, როდესაც სამი ბირთვული სახელმწიფო, სამი მთავარი ბირთვული ძალა შეიკრიბა და თქვა: „ჩვენ არ შეგვიძლია ბირთვული ინციდენტის დაშვება“. იმ საუბრის წრეში ტერმინ „მეგობრის“ გამოყენება სრულიად მართებულია“, - განაცხადა კლეიტონმა.
ცნობისთვის, ჩინეთში გამართულ სამიტზე ტრამპი პუტინს მიესალმა როგორც „მეგობარს“. ხოლო პარასკევს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე უარი თქვა პასუხის გაცემაზე, არის თუ არა პუტინი აშშ-ის მეგობარი და აღნიშნა, რომ „ამერიკის სახელით ვერ ისაუბრებს“. შაბათს კი ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში პუტინთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „ჩემი მეგობარი“.
გადაცემის წამყვანის, ჯონათან კარლის დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი ამერიკის მეგობარი, კლეიტონმა უპასუხა: „არის ვლადიმერ პუტინი ამერიკის მეგობარი? ის არ არის ამერიკის მეგობარი უკრაინაში. საერთოდ არა. საერთოდ არა“.
























