მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოდის ჩადგმა, რესტორანი და ვარდები - ლევილის მამულის რენოვაციისთვის €2.6 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება

ლევილის მამული

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ლევილის მამულის რენოვაციაზე 2.6 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდის - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.

პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და მათ შორის ყველაზე ძვირადღირებულია კომპანია SAS SER CONSTRUCTION-თან გაფორმებული ხელშეკრულება 2,623,828 ევროს მოცულობით, რომელიც მამულის რენოვაციას შეეხება. ამასთანავე, შესყიდვების სააგენტოს სისტემაში ატვირთულია ორი განცხადება გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე. მათგან 58,200 ევროს ღირებულების შესყიდვით ოდას და რესტორნის მოწყობა იგეგმება, ხოლო 15,367 ევროს შესყიდვით, ლევილის მამულის პარკში 155 ძირი ვარდის დარგვა, ასევე სათიბი და ბალახის საკრეჭი მანქანის შესყიდვა იგეგმება.

მამულის რენოვაცია - 2,623,828 ევრო:

“ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს რენოვაციის სამუშაოს ჩატარება, რაც მოიცავს შატოს, პოლკოვნიკ წერეთლის სამუშაო ოფისს და ბიბლიოთეკას, რომლებიც განთავსებულია ლევილის მამულში,”- ნათქვამია ხელშეკრულებაში.

2023 წელს ამ ხელშეკრულებისთვის გათვალისწინებულია 500,000 ევრო; 2024 წელს 1,860,000 ევრო; 2025 წელს კი 263,828 ევრო.

ოდა და რესტორანი - 58,200 ევრო:

ლევილის მმართველი საბჭოს წევრების მიერ ერთხმად გადაწყდა, რომ ლევილის მამულში, რომელიც წარმოადგენს ქართულ-ფრანგულ კულტურულ კერას, უნდა ჩაიდგას ქართული ოდა. აღნიშნულ ოდას ექნება რესტორნისა და სუვენირების მაღაზიის ფუნქცია. ოდის მშენებლობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ლევილის მერიიდან მშენებლობის ნებართვის მიღება. საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული მოითხოვს მთელი რიგი დოკუმენტაციის მომზადებას (მათ შორის, ენერგოეფექტურობის კვლევა; არეალზე არსებული ზედაპირების ცხრილები და უსაფრთხოების ცნობა) და შესაბამისი პროცედურების წარმართვას. ვინაიდან ნებართვის მოპოვება ხდება საფრანგეთში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, აღნიშნული პროცესის სპეციფიკის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ადგილობრივი არქიტექტორის მიერ.

პარკის რეაბილიტაცია - 15,367 ევრო:

ლევილის მამულის პარკი, რომელიც წარმოადგენს ქართულ-ფრანგულ კულტურულ კერას საჭიროებს მუდმივ მოვლას. მამულში არსებული მცენარეული საფარის, როგორც შენარჩუნების, ისე კულტივირებისთვის 2023 წლის ბოლომდე აუცილებელია განხორციელდეს ვარდების დარგვა, ბალახის საკრეჭი და სათიბი მანქანების შეძენა.

„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის N836 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრებისა და წარმომადგენლების შთამომავლების მიერ ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის პოზიციით“, განისაზღვრა საფრანგეთის რესპუბლიკაში მდებარე ლევილის მამულის (დაწესებულება „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია, შემდეგში - ლევილის მამული) აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, გამოიცა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოცემის შემდეგ განსახორციელებელი პროექტის დაფინანსების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის N1456 განკარგულება, რომლითაც, მათ შორის, განისაზღვრა ლევილის მამულის კეთილმოწყობის ღონისძიებები,”- ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები