მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OECD საქართველოს სოფლის მეურნეობის პრობლემებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე წერს

5fda52eee6c96
BM.GE
16.12.20 23:12
945
ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოამზადა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და რეკომენდაციებს გასატარებელი რეფორმების შესახებ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დღეს საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაა, თუმცა უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობის აკრძალვის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობა ინვესტორებისთვის შედარებით დახურული სექტორია.

OECD აღნიშნავს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის ზრდით ქვეყნის რეგიონალური განვითარების ხელშეწყობა და საკუთარი საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესება შეუძლია.

“უკანასკნელი 3 ათწლეულის განმავლობაში საქართველოში განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს განმსაზღვრელი ჩარჩო გააუმჯობესა. საქართველო დღეს სექტორების უმეტესობაში ინვესტიციებისთვის ღიაა, შეზღუდვები კი ძირითადად სოფლის მეურნეობის დარგში ნარჩუნდება.

ტურიზმისა და განახლებადი ენერგიის გამოკლებით, საქართველოში შემოსული FDI-ის უდიდესი ნაწილი არ არის განკუთვნილი ისეთი სექტორებისთვის, რომლებიც მომსახურების/პროდუქტის ექსპორტს უწყობენ ხელს. ასეთ სექტორებს შორისაა მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.

სოფლის მეურნეობის სექტორი დღეს საქართველოს ეკონომიკის მხოლოდ 10%-ს აგენერირებს, მასში კი დასაქმებულთა 44% არის ჩართული. ამ სექტორში ინვესტიციების ზრდას ქვეყანაში პროდუქტიულობის ზრდა, სურსათის უსაფრთხოების ამაღლება და რეგიონალური განვითარების მხარდაჭერა მოყვება. ხელსაყრელი ნიადაგების, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საქართველოს აქვს საკმაოდ ძლიერი პოტენციალი, რათა FDI მოიზიდოს ქვეყანაში. საკვები პროდუქტების უდიდესი ნაწილი მცირე ზომის ფერმერული მეურნეობების მიერ არის მოყვანილი, პროდუქცია კი ექსპორტის ნაცვლად, ადგილობრივ ბაზარზე არის ორიენტირებული. ასევე საკმაოდ მაღალია მიწების ფრაგმენტიზაცია", - ნათქვამია OECD-ის ანგარიშში.

საქართველოს სისტემურ გამოწვევებად OECD სამუშაო ძალის კვალიფიკაციის პრობლემის ამაღლებას და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას ასახელებს.

ანგარიშის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საკმაოდ მაღალია საქართველოს ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, თუმცა ინვესტიციების სარგებელი სრულად არ არის რეალიზებული დასაქმების და ექსპორტის განვითარების მიმართულებით. ამის მიზეზად კი, OECD მიუთითებს, რომ ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი ხორციელდება ისეთ სექტორებში, რომლებიც საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებს არ ზრდიან, ამის მაგალითად კი, უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორები სახელდება.

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 719 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ 228 მლნ დოლარით ნაკლებია. უშუალოდ სოფლის მეურნეობაში 2020 წლის მესამე კვარტალში 1.6 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 31%-ით აღემატება.